LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა

468
სირი

ვაკის პარკში, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის – „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ჩამოხია, რის შემდეგაც ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში განათავსა, მოგვიანებით კი წაშალა.

შემთხვევა შაბათს მოხდა, თუმცა ვასილ გოგალაძე პრორუსული და ანტიუკრაინული განცხადებებით მანამდეც აქტიურად გამოირჩეოდა, რომელსაც ის სოციალურ ქსელში დღემდე ხშირად ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინული სიმბოლიკის შებღალვა, აბსოლუტურად მიუღებელია.

„აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯონ.“ – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით დაიწყო, რაც ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, ან სხვა სახელმწიფოს დროშის, ან გერბის შებღალვას გულისხმობს.