LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება

136
1554032336-ვახუშტის-ხიდი-4

თბილისში, ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა  ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძე  ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო და განმარტა, რომ სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდება.

„როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 394 434 ლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები