LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში ნაგვის მანქანები 22 საათიდან იმოძრავებს – მერია მარტიდან პროექტის დაწყებას აანონებს

1202

თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით,  პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს.

„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ.

„თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში  და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები