LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაისმა ისეთი სიტყვები გვითხრა… საქართველო ერთი ქულით უკმაყოფილოა

91

საქართველოს ნაკრებმა უელსიდან ქულა წამოიღო, თუმცა მეორე ტაიმის მიმდინარეობის მიხედვით თავისუფლად შეიძლებოდა მეტზეც გვეფიქრა. ჩვენებს მოგებაც შეეძლოთ. ამაზე არა მარტო გულშემატკივრები, არამედ თავად გუნდის წევრებიც წუხან.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი:
“თამაშის დაწყებამდე ერთ ქულას სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ ახლა, თამაშის შემდეგ გულდაწყვეტილები ვართ. თავიდან ცუდად დავიწყეთ, თითქოს მეტოქის ზედმეტი პატივისცემა გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო.
დიახ, მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და ეს ბევრი არაა, მაგრამ ვთამაშობთ კარგ, გამართულ ფეხბურთს და გუნდში გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი.


საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია:
“ორივე თამაშში ვეცადეთ, რომ ფეხბურთი გვეთამაშა. რა თქმა უნდა, შედეგებით უკმაყოფილონი ვართ, რადგან მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. თუმცა, ფეხბურთელებს უკვე გვჯერა, რომ შეგვიძლია თამაში და მომენტების შექმნა.
დღეს, 4-5 რეალური შანსი გვქონდა და მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ ამ ორ თამაშში ძალიან დასანანი გოლები გავუშვით.”

უელსთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების გოლის გამტანი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი:
“არც ისე კარგად დავიწყეთ თამაში, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ ვაისმა ისეთი სიტყვები გვითხრა, რომ უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა, რაც შეგვეძლო – წაგება არ შეიძლებოდა.
ამ ორ თამაშში მინიმუმ 4 ქულას ვიმსახურებდით და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ ქულა ავიღეთ. მოლდოვასთან თბილისში პირველი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ”.

 

საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. მომდებო მატჩს ჩვენები 12 ნოემბერს თბილისში მოლდოვასთან გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები