კრასნოდარის სოფელში მესი საბჭოთა მოთამაშეების ქვაზე გამოსახეს.
სოფელ ვიტიაზევოში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ძეგლი გაუხსნეს ადგილობრივ ფეხბურთელებს, რომლებმაც გერმანელები დაამარცხეს მეორე მსოფლიო ომის დროს.
1943-ში ოკუპანტებმა სამი გუნდის ტურნირი მოაწყვეს – გერმანელი ჯარისკაცების გარდა რუმინელები და ადგილობრივი სოფლელები თამაშობდნენ. ფინალში ფაშისტებმა ვიტიაზევოს მაცხოვრებლების წინააღმდეგ ითამაშეს. ჯარისკაცები 4:1-ს იგებდნენ, მაგრამ სოფლელმა კაცებმა თამაში შემოატრიალეს და 5:4 მოიგეს. არადა, გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივებს დახვრეტით დაემუქრნენ.
75 წლის შემდეგ ვიტიაზევოს მაცხოვრებლების გუნდს ძეგლი დაუდგეს, გახსნაზე ლამის მთელი სოფელი მივიდა. მათდა გასაკვირად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფეხბურთელების სახელები ერთმანეთში აურიეს, ხოლო მათ გვერდით გამოსახეს… ახალგაზრდა ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ბურთით.
“შავი ტექსტის ფურცელი სპონსორს ქონდა. მან ეტყობა ჩათვალა, რომ ეს უკვე მზა ტექსტი იყო და არ დაუკვირდა. მივიდა ძეგლის დამამზადებლთან. ისიც ფორმალურად მიუდგა საკითხს და დაწერილს არ ჩაუღრმავდა. ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობას არ ვიხსნით, რომ გახსნამდე არ გადავამოწმეთ, ამიტომ ყველაფრის გადაკეთება მოგვიწია”, – ახსნა საინიციატივო ჯგუფის ლიდერმა ალეკსანდრიდიმ.
ძეგლის გახსნაზე მოთამაშეების ნათესავებიც შეგროვდნენ.
არეული გვარები საბოლოოდ შეასწორეს, ხოლო… ლეო მესი მაინც დატოვეს.