„კი, ვემუქრებოდი. თუ ის მუქარაა, რასაც მე ვლაპარაკობდი, მაშინ დაარქვან მუქარა. მათ არ იციან მუქარა რას ნიშნავს,“ – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.
ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“
„ვაღიარებ, ვერ მოვიგონებ ვერაფერს, გაცილებით მეტი ვუთხარი, მაგრამ რაღაც ნაწილი მოჭრეს და ის დადეს, გაცილებით უარესი ვუთხარი, რასაც კამერების წინ ვერ ვიტყვი. დიახ, კამერები როცა გასული იყო, ვისაც რა ეკუთვნოდა, ის ვუთხარი. მეტს არ ვიტყვი, იყო ისეთი რამ, რაზედაც კამერებთან არ ვსაუბრობ. როცა რუსული საქმის მკეთებლები პროდასავლელებად დეკლარირებენ, ეს რთული ასატანია, ვაღიარებ ამას. წინ რომ გისხედან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიას, რომელმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალა და უამრავი რუსული საქმე აკეთა, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა. ძალიან კარგია, რომ თმენის ვალდებულება არსებობს და მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას.
რაც შეეხება შშმ პირების თემას, როცა პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და ამაზე რომ ტაშს უკრავს ვიღაც და ამით თავს გამოიდებს, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის. ამაღელვებელი ფოტო ვნახე – ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, ამ მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში, სადაც სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მისალმების დროს ერთ-ერთმა პირმა სასესიო დარბაზის აივნიდან გადმოფინა ბანერი წარწერით: „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა.