LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა, ქაქუცა, ნოდარი – ნაკლებად ცნობილი ამბები სამ ქართველზე, რომლებიც 14 ივლისს არიან დაბადებული

219
სამი ქართველი

14 ივლისი  ქაქუცა ჩოლოყაშვილის,  ვაჟა ფშაველას და ნოდარ დუმბაძის  დაბადების დღეა.

ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 161,  ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადებიდან  134 წელი, ხოლო ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 94 წელი გავიდა.

სამივე მათგანი საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული.

შევეცადეთ, მოგვეძიებინა ამბები, რომელიც მათ ხასიათზე ბევრ რამეს ამბობენ.

ვაჟა ფშაველას მთის არწივს ეძახდნენ. ამბობენ, რომ  უშიშარი კაცი იყო, ასევე იყო კარგი მოჩხუბარი და ადამიანის დაჩაგვრას არავის აპატიებდა.  ამბობენ, რომ იყო მექალთანე. 

 

 

გადმოცემის მიხედვით, ვაჟა ფშაველა შიშველი მუშტით გოჯის სიმსხო ფიცარს ამტვრევდა.

თუმცა ეშინოდა ხეზე ასვლის, ეს შიში მის ბავშვობას უკავშირდება.

ამ ფაქტთან დაკავშირებულ ისტორიას მისი მეუღლე თამარ დიდებაშვილი იხსენებდა:

„ლუკას ხეზე ასვლისა ძალიან ეშინოდა. ვაშლის დაკრეფის დრო რომ მოატანდა, ხეზე ვერ ადიოდა, მუხლები მიკანკალებსო. მიზეზი რომ ვკითხე, ერთი ამბავი მიამბო:

ბავშვობისას ძალიან მიყვარდა ხეზე ასვლა. სულ ერთთავად ხეებზე ვიჯექი, დედაჩემს ეშინოდა, ხიდან არ ჩამოვვარდნილიყავი და დამაშინა. მითხრა: შენ თუ ხეებზე ასვლას არ მოიშლი, აგერ, ახუნის გორაზე, სულ ზევით, მაღალი წიფელი რომ დგას, ავალ, იმ წიფელზე შევხტები, სულ წვეროზე მოვექცევი, იქიდან გადმოვვარდები, დავეცემი და მოვკვდები, შენ კი უდედოდ დარჩები, დედა მოგიკვდება და რაღა გეშველება ობოლსაო.

დედის სიტყვამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ის დღეა და ის დღე, მე ხეზე აღარ ავსულვარ. როცა ხესთან მივალ, მაშინვე დედაჩემის სიტყვები მომაგონდება და მუხლები ამიკანკალდებაო.“

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა იმის გამო, რომ საქართველო უყვარდა, შეიძლება ითქვას, რომ ჯოჯოხეთი გაიარა.

 

 

უფროსი ქალიშვილი თამარი 7 წლის იყო, მისი უმცროსი და – ქეთევანი კი მხოლოდ 3 წლის, როდესაც დედასთან – ნინო მეღვინეთუხუცესთან ერთად პირველად დააპატიმრეს.

ეს იყო მათი ჯოჯოხეთური ცხოვრების დასაწყისი,  ქაქუცას ოჯახმა ცხოვრების ნახევარზე მეტი დაპატიმრებებში, ტანჯვასა და წამებაში გაატარა.

თამარს დაკითხვებზე რეზინის ჩექმებს პირდაპირ სახეში ურტყამდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ, დერეფანში თმებით მიათრევდნენ… მამაზე, თავის მეგობარ ცისფერყანწელებზე და ლევან გოთუაზე მათთვის სასარგებლო ჩვენებების დაწერას სთხოვდნენ…

იყო პერიოდი, როდესაც ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილის დანახვაზე, ზოგიერთი ადამიანი გზის მეორე მხარეს გადადიოდა, რომ არ მისალმებოდა..

1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში.

შემდეგ დაიწყო პარტიზანული ომები.

1923 წელს  რაზმი რამდენიმეჯერ დაესხა თავს წითელ არმიას.  თუმცა ოქტომბერში იძულებული გახდა, 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადახვეწილიყო.

საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.

1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ… ასე უფრო იოლად მოხერხდებოდა მისი ფერფლის საქართველოში მოხვედრა. ჩოლოყაშვილის ანდერძი არ შესრულდა და იგი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე.

მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

 

ნოდარ დუმბაძე თბილისში დაიბადა, 1937 წლის რეპრესიების პერიოდში მამამისი დააპატიმრეს, ხოლო დედა გადაასახლეს.  მარტო დარჩენილს ჯერ დეიდები ზრდიდნენ აფხაზეთში, შემდეგ კი ბებია და ბაბუა – ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

ალბათ, არ არსებობს  საქართველოში ადამიანი, ვისაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობები წაკითხული არ ჰქონდეს და მისი გმირების იუმორით ნათქვამ ფრაზებს არ იმეორებდეს.

თუმცა მწერლის ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული მომენტი იყო.

1953 წლის აპრილში, 25 წლის ნოდარ დუმბაძე მეგობრებთან ერთად ზემელზე მდებარე რესტორანში იყო, როცა მეზობელ მაგიდაზე ჩხუბი მოხდა.

მოჩხუბრები სხვა მაგიდებზეც გადავიდნენ. ნოდარის მეგობარმა, როსტომმა მოჩხუბრებიდან ერთ-ერთს გაარტყა. თავად ნოდარს კი ვიღაც დაჭრილი გადაემხო და სისხლით მოსვარა. სწორედ პიჯაკზე სისხლის აღმოჩენის გამო მიიჩნია ადგილზე მისულმა პოლიციამ ნოდარი მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად და დახვრეტის მუხლი მიუყენა.

მწერალმა 6 თვე ციხეში გაატარა, შემდეგ კი, მოსკოვიდან ჩამოსულმა საკავშირო პროკურატურის წარმომადგენელმა, გოლსკიმ გაამართლა და გამოუშვეს.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერა „თეთრი ბაირაღები“…

მისი 5 წლის ვაჟს, ზაზას წითელა შეეყარა, მაგრამ ექიმებმა შეცდომით მუცლის ტიფის დიაგნოზი დაუსვეს და არასწორი  მკურნალობის გამო დაიღუპა.

ამან მწერლის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინა.

1984 წლის სექტემბერში,  მესამე ინფაქტის გადატანის შემდეგ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა…. თავდაპირველად მისი ავტორობით გაკეთებულ მზიურის პარკში დაკრძალეს. 2009 წელს მისი ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

სამივე დიდი ქართველი, რომელიც დღეს იუბილარები არიან, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებენ.   

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები