ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზე დაიწყო და თითქმის 4 საათს გაგრძელდა. მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად და სათათბიროდ 2 საათზე მეტი დრო დასჭირდა.
ქართველ ექიმს ვლადიმირ ფიდაროვი იცავდა. დე ფაქტო რეჟიმის პროკურორის მოთხოვნა 200 ათასი რუბლი ან 2-წლიანი პატიმრობის შეფარდება იყო.
სასამართლო პროცესს ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა. პროცესი ცხინვალის რეგიონულ სასამართლოში, დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ემყარებოდა ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის პრინციპებს – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ ოს ხალხს მიმართა
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ბადრი მანჯავიძე ცხინვალში ჩავიდა. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და შეძლო საზღვრის გადაკვეთა. მანჯავიძემ სასამართლო შენობის წინ ფეისბუქ ლაივიც ჩართო და ისაუბრა რუს სამხედროებთან რთული დაკითხვის შესახებ, რომელიც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს განხორციელდა. ქართველ ადვოკატს ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.
„მთხოვდნენ დასახელებას ვისთან ჩავდიოდი, ტელეფონსაც მთხოვდნენ. მერე ვუთხარი, რომ ეს იყო გიორგი ბესტაუთი. თუ არ სჯეროდათ, ვუთხარი, რომ გამომყოლოდნენ. დღეს 20 დეკემბერია და მოვედი ბატონ გიორგისთან, ამ დიდებულ კავკასიელ, ოს კაცთან. ეს არის კაცი, რომელმაც “ვეფხისტყაოსანი” თარგმნა ოსურ ენაზე. მინდა კახა კალაძეს მივმართო, რომ თბილისში დაიდგას გიორგი ბესტაუთის ძეგლი“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლებამ მას 2008 წელს ომში მონაწილეობის დაბრალებით წარდგენილი ბრალდება უფრო დაუმძიმა. ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ის სამშობლოში იმყოფება და არ ცნობს უკანონო საზღვრებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს ყველა რეგიონში რამდენჯერმე გაიმართა აქცია. საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი არ გაათავისუფლა. საქმეში უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხელისუფლებას ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. ქართველი ექიმის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის მოლაპარაკებებზეც.
“შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე განცხადებს აკეთებს