ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ოჯახის წევრები სახელმწიფოს კვლავ მოუწოდებენ ყველა ბერკეტის გამოყენებით დაუყონებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება.
„იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. მონაწილე მხარეებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟას დაუყონებლივ, უპირობო გასათავისუფლებლად.
ასევე ყველა მხარეს მოვუწოდებ, მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ თითქმის ერთი თვეა. ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან უფრო მეტად ქმედით ნაბიჯებს და მოვითხოვთ შეიქმნას უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისია.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი ნულია.
თუ აღნიშნულმა ქმდედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ოჯახს დაუბრუნდება“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა
კითხვაზე, თუ რა იგულისხმება რადიკალურ ფორმებში, თამილა ლაფანაშვილი პასუხობს, რომ ამას ერთ კვირაში გააჟღერებს:
„ამას დავაანონსებთ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, კვირის ბოლოს თუ არ გვექნება შედეგი აუცილებლად დავაანონსებთ.“
ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თქმით, ბოლო ინფორმაციით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია. მას „წითელი ჯვრის წარმომადგენლები“ თვის განმავლობაში ორჯერ შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ექიმს 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.