ნოემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა და 467.8 მლნ ლარს გაუტოლდა, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ნოემბრის „თვის მიმოხილვაში“.
მიმოხილვის თანახმად, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.3 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58.2 პროცენტს გაუტოლდა.
„საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ნოემბერში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.1 პროცენტის დონეზეა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 8.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით და წლიური 20.9 პროცენტის დონეზეა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
ნოემბერის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 0.6 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 26.8 პროცენტს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და წლიური 10.9 პროცენტი შეადგინა.
უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და წლიური 8.0 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 8.0 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის ნოემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.0 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 2.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.9 შეადგინა.