LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზბეკეთი საქართველოს ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ბაზარია“ – მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

119
კ (1)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უზბეკეთის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის პირველ მოადგილეს ულუგბეკ აზამოვს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაზე.

მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთი საქართველოს ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ბაზარია. მისი თქმით, სამომავლოდ იგეგმება უზბეკეთში აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებისთვის. აღინიშნა, რომ დღეს უზბეკეთი მე-13-ა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩამოდის საქართველოში – 2022 წელს ქვეყანას პანდემიამდელ 2019 წელზე 185.7 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია უზბეკეთიდან, ხოლო 2023 წლის 6 თვეში ზრდამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141 პროცენტი შეადგინა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ზოგადად ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის დაახლოებას ხელი შეუწყო საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ. ამჟამად ფრენებს ტაშკენტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უზბეკეთის ორი ავიაკომპანია ახორციელებს.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის სიხშირეების გასაზრდელად, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში“, – აღნიშნა მან.

შეხვედრაზე დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მათ შორის, გაიმართება ორი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა შეხვედრები, რომელთა მიზანი იქნება სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება დარგში მომუშავე ბიზნესებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები