LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყინარი „შატალო“ – “ჩაშვება” თუ გაფრთხილება  

გვანცა (სახელი  შეცვლილია) ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ერთ დღეს მან გაკვეთილები მშობელთან შეთანხმების გარეშე გააცდინა და თანატოლ მეგობარს კასტინგზე გაუფრთხილებლად გაჰყვა. დედამ იცოდა, რომ ბავშვი სკოლაში იყო, მასწავლებელმა კი მოსწავლის გამოუცხადებლობის გამო, მიზეზის გასარკვევად მშობელს დაუყოვნებლივ დაურეკა. გვანცა იძულებული გახდა, სიმართლე მოეყოლა, როგორც მშობლისთვის, ასევე პედაგოგისთვის და გაურკვევლობაც მხოლოდ შენიშვნით აღმოიფხვრა. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვები სისტემატურად აცდენენ  მშობლის გაუფრთხილებლად და მათი გვერდის ავლით საგაკვეთილო პროცესს და სანაცვლოდ არც სასარგებლო საქმით კავდებიან.

სკოლის პედაგოგს, მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მშობელთან დაუყოვნებლივ დაკავშირებას ეთიკის კოდექსი მკაცრად ავალებს. თან ის თუ დამრიგებელიც არის, ვალდებულია, იცოდეს, რა გახდა მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზი. 

„დამრიგებელს უნდა ჰქონდეს მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება. შეატყობინოს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელი შეუწყოს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში. დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირება, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა,“ – წერია მასწავლებლის ეთიკის კოდექსში, რომელიც განათლების სამინისტროს მიერაა დამტკიცებული.

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია აბრამიძე, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს,  ყოველ დილით დამრიგებელი ვალდებულია, გაარკვიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზი.

„მშობლები არიან ინფორმირებულები, თუ არ უშვებენ ბავშვს სკოლაში, აუცილებლად დაურეკონ დამრიგებელს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ამას არ ასრულებს  ზედმიწევნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამრიგებელი უკავშირდება და აქვს ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ მართლაც შეიძლება, ბავშვი გამოსული იყოს სახლიდან და  მშობელმა იცოდეს, მაგრამ  არ მოდიოდეს სკოლაში. ძირითადად გაკვეთილს აცდენს 3-4 ბავშვი და არაა რთული, დაურეკო მათ მშობლებს. შესაძლოა, მშობელმა თვითონაც დარეკოს,“ – აღნიშნა მაია აბრამიძემ.

მოსწავლის მიერ საგაკვეთილო პროცესის გაცდენის შემთხვევაში, დამრიგებლების ფუნქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს პირველი ექსპერიმენტალური საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ბარაბაძე. 

როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას ყვება, ჰქონდა შემთხვევა, როცა მე-7 კლასის მოსწავლე მშობელს სკოლამდე მოჰყავდა, შემდეგ კი ის სკოლაში არ შედიოდა. ამის შესახებ მშობელი ვერ გაიგებდა, რომ არა დამრიგებლის მყისიერი რეაგირება ბავშვის მიერ გაკვეთილების გაცდენაზე.

„როცა ამ ფაქტს სისტემატიური ხასიათი მიეცა და გავარკვიეთ, რომ მშობელს, თურმე, მოსწავლე ჭიშკრამდე მოჰყავდა და როგორც კი ის თვალს მიეფარებოდა, ბავშვი სკოლაში არ შემოდიოდა. ვითანამშრომლეთ მშობელთან, აქვე ჩავრთეთ ფსიქოლოგიც, რომ გაგვერკვია, ხომ არ გრძნობდა მოსწავლე სკოლაში საფრთხეს და ამიტომ ხომ არ არიდება მას თავს, თუმცა, საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ არასაგაკვეთილო პროცესის ხიბლში იყო და უნდოდა თავისუფლება. ჩვენ გვაქვს მექანიზმი სკოლაში, რომლის დანერგვასაც ვცდილობთ, თუმცა მშობლები არ ასრულებენ. როცა ბავშვი არ მიდის სკოლაში, უნდა დაურეკოს წინა დღეს ან იმ დილით დამრიგებელს,“ – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

რამდენად დასაშვებია მშობლებისა და დამრიგებლების მიერ სასკოლო ასაკის ბავშვის ამგვარი კონტროლი და რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამან ბავშვის შემდგომ დამოკიდებულებაზე, ფსიქოლოგი მედეა ზირაქაშვილი  „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ  ასეთი კონტროლისას შესაძლოა, ბავშვმა დამოუკიდებლობის გამომუშავება  და შესაბამისად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ადეკვატურად აღება ვეღარ შეძლოს.  

„მედალს ორი მხარე აქვს. მეც მშობელი ვარ და რაღაცნაირად კონტროლის მექანიზმი გაქვს. იცი, თუ ბავშვს არ გაუშვებ სკოლაში და ის არ მივა, გეცოდინება ამის შესახებ და ეს არაა ცუდი, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება, სირთულეები შექმნას, როცა ასეთი კონტროლი არის დამოუკიდებლობის გამომუშავება.  ბავშვმა პასუხისმგებლობა თავის თავზე რომ აიღოს, ადეკვატურად  არ ხდება. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ყველა ვარიანტში გააკონტროლებენ, ინფორმაციას მოიძიებს დამრიგებელი და მიაწოდებს დედას,“ – აღნიშნა მედეა ზირაქაშვილმა.

ესწრება თუ არა მოსწავლე საგაკვეთილო პროცესს მშობელს სახლიდან გაუსვლელად, მოქნილი სისტემით, რომ ჰქონოდა ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ელექტრონული ჟურნალის“ პროგრამა შექმნა. მისი საპილოტე ვერსია გასულ წლებში ჩაეშვა სკოლებში. ელექტრონული ჟურნალი მოსწავლეების სკოლაში დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონულად მონიტორინგის საშუალებაა, როგორც სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის. მშობელს, სწორედ ელექტრონული ჟურნალის დახმარებით, საშუალება ექნება, ნებისმიერ დროს თვალყური ადევნოს შვილის სწავლების პროცესს და აკონტროლოს მისი გაკვეთილებზე დასწრება. 

პროგრამა ამ დრომდე არ ამოქმედებულა სრული დატვირთვით. როგორც „ფორტუნას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე საქართველოს ყველა სკოლა  სრულად მას შემდეგ გადავა, რაც შესაბამისი ელექტრონული და ქსელური შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და მასწავლებლებიც სათანადოდ მოემზადებიან. თუმცა, უწყების ცნობით, ელექტრონული ჟურნალების საპილოტო რეჟიმში გამოყენება ჯერ კიდევ 2014-2015 სასწავლო წელს დაიწყო და დღეს პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა 800-ს აღწევს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები