LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყების პასუხი ხაზს უსვამს, რამდენად ბუნდოვანია ნამახვანის ხელშეკრულების შინაარსის საზოგადოებისთვის განმარტების მიზანი და ფორმა: EMC ეკონომიკის სამინისტროს პასუხობს

79
FORTUNA.GE-

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პასუხს ნამახვანჰესის პროექტის შეფასებასთან დაკავშირებით.

საუბარია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წერილობით პასუხზე, რომელიც უწყებამ EMC-ის განცხადების საპასუხოდ 3 მარტს გაავრცელა. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ, სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ კომპეტენტური დოკუმენტის შესაქმნელად, რომელსაც პრეტენზია სამართლებრივ შეფასებასა და კრიტიკაზე აქვს”.

უკვე დღეს ორგანიზაცია EMC ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ:

“ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, მხოლოდ EMC-ის მიერ მომზადებული შეფასების საპასუხოდ, გაკეთებული განმარტებები ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის პირობებთან დაკავშირებით შეიცავს უსაფუძვლო და მანიპულაციურ მსჯელობებს, არ პასუხობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის მინიმალურ სტანდარტს, სრულად თავს არიდებს ორგანიზაციის მიერ დასმულ არაერთ მწვავე საკითხს და ვერ ანეიტრალებს ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით არსებულ კრიტიკას”.

EMC-ს ციტატად მოყავს სამინისტროს მოსაზრება, რომ EMC-ის პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ სტანდარტებს და რომ იგი “პრაქტიკულად არ შეიცავს სახელშეკრულებო მუხლებზე კონკრეტულ მითითებებს, რაც ბუნებრივია მკითხველთა უმრავლესობისათვის პუბლიკაციაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმებას შეუძლებელს ხდის”, ამის საპასუხოდ კი ორგანიზაციაში აცხადებენ:

“სამინისტროს განცხადებაზე პასუხად, პირველ რიგში, უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე 3 მარტს გამოქვეყნებული 5-გვერდიანი პუბლიკაცია აღწერს და აჯამებს იმ ძირითად მიგნებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლებიც ხელშეკრულების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნული ანალიზის შედეგები და ხელშეკრულების ვრცელი, 27-გვერდიანი შეფასება, რომელშიც ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტებზე მითითებით დეტალურადაა დასაბუთებული EMC-ის განცხადებები და რომელში მოცემულ არგუმენტებსაც სამინისტრო არ პასუხობს, ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

წერილობით განმარტებაში საჯარო დაწესებულების მიერ გამოყენებული უკიდურესად პრობლემური საკომუნიკაციო ენის გარდა, განსაკუთრებით პრობლემურია ასეთი მნიშვნელობის პროქტებზე პასუხისმგებელი უწყების – ეკონომიკის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მწვავე დეფიციტი. მიუხედავად გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულებისა და პროექტის ირგვლივ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2019 წლის 25 აპრილიდან – დღემდე, სამინისტრომ “სახელმწიფო მნიშვნელობის” პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე ამგვარი განმარტება მხოლოდ ჩვენს განცხადებაზე პასუხად ჩათვალა საჭიროდ.” – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სამინისტროს პასუხი, რომელიც აჩვენებს მათი საზოგადოებასთან მუშაობის პრინციპებს, მიდგომებსა და დამოკიდებულებებს, ხაზს უსვამს, რამდენად ბუნდოვანია სამინისტროსთვის მნიშვნელოვან პროექტზე გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის საზოგადოებისთვის განმარტების მიზანი და ფორმა:

“სამინისტროს საპასუხო განცხადების ტონი და ენერგეტიკული პროექტებზე გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების სირთულეზე ხაზგასმა იმაზე მეტყველებს, რომ სამინისტროს აზრით, ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ვიწრო ჯგუფის შეფასების, მსჯელობის და გადაწყვეტილების საგანი შეიძლება იყოს, ხოლო საზოგადოების სხვა ნაწილს შესაბამისი კომპეტენცია და ცოდნა არ გააჩნიათ. თუმცა, ადგილობრივებთან მინისტრების შეხვედრამაც აჩვენა, რომ მოსახლეობას გამორჩეული სიზუსტით და სიღრმით ესმის პროექტთან დაკავშირებული ასპექტები.” – აცხადებენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში.

EMC-ის მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში წარმოქმნილ ქსენოფობიურ განწყობებთან ინფორმაციის დამალვით და დახურულობით ბრძოლა აბსოლუტურად გაუმართლებელი და რაეფექტურია:

“სახელმწიფო თავისი ქმედებებით, როდესაც ის ადგილობრივების სამართლიან და დემოკრატიულად ორგანიზებულ წუხილებს დროულ და ადეკვატურ პასუხს არ ახვედრებს და მათ პრაქტიკულად ბოლო დრომდე კომპანიის პირისპირ ტოვებს, ნაცვლად იმისა, რომ პროცესში სახელმწიფოს როლი იკისროს, მხოლოდ ხელს უწყობს სოციალური უსამართლობით გამოწვეული ბრაზის დაგროვებას, რომელიც შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორი ადრესატისკენ იყოს მიმართული”.

ცენტრში ცალსახად აღნიშნავენ, რომ EMC ემიჯნება პროექტის ირგვლივ საზოგადოების ნაწილში შექმნილ ქსენოფობიურ განწყობებს:

“მიგვაჩნია, რომ პროექტთან დაკავშირებით რელევანტურია არა ინვესტორის წარმომავლობა, არამედ ის, თუ როგორ მოამზადა, დაგეგმა და განახორციელა სახელმწიფომ პროექტი და უზრუნველყო თუ არა მან ინვესტორის მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, პროექტის განხორცილების მიზანშეწყონილობის სათანადო შეფასება და შესაბამისი დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფა. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ პროტესტის ორგანიზატორები და ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ პროექტის განხორციელების პროცესში არსებულ დასახელებულ ჩავარდნებს აპროტესტებს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

და ბოლოს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ საჯარო დისკუსიების გამართვა ფუნდამენტურად მნშვნელოვანია და სამინისტროს გამოხმაურებას, როგორიც არ უნდა იყოს ის, გამოიყენებენ შესაძლებლობად, გააგრძელონ ფაქტებზე და კონკრეტულ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ირგვლივ არსებულ საკვანძო საკითხებზე:

“ჩვენს შეფასებაზე სამინისტროს საკმაოდ არაკონსტრუქციული და დაუსაბუთებელი პასუხის მიუხედავად, EMC მიესალმება სამინისტროს გამოხმაურებას, რადგან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და შესაძლო გადაცდომებზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო, ამ კრიტიკას, როგორც წესი, არ პასუხობდა.” – ვკითხულობთ მიმართვაში.

დღესვე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მინისტრებს მოუსმენენ.

ჰესების თაობაზე დღეს პარლამენტში ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ