LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთანხმოება მმართველ გუნდში – მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ

mdinaraze

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა, მაგრამ კარგია, რომ ეს პრინციპების დონეზე არ არის.

მდინარაძის თქმით, არავინ დაობს იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ასევე სასამართლოს სისტემაში სერიოზული პროგრესია.

„კონკრეტულ საკითხებსა და გადაჭრის გზებზე გაუგებრობა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა ამაზე კონსენსუსი მიიღწევა. გუშინ გუნდმა და პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი ფორსირებულ და ნაჩქარევ რეჟიმში არ განხილულიყო,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს, ის მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის შეჩერების საკითხზე ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი ერთმანეთს ემთხვევა.

„ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა და დამტკიცება არ მოხდა ამ სესიაზე, ეს არის საერთო გადაწყვეტილება და ვფიქრობ, ის გადაწყვეტილებაა, სადაც ხელისუფლებისა და საზოგადოების აზრი ერთმანეთს დაემთხვა,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთი განცხადებით დააფიქსირა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები