LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციების გამართვის აზრს ვერ ხედავს

57

„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„გარდა იმისა, რომ პროფესიით ვარ იურისტი, 4 წელი ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ორი მოსმენით მიღებულ ტექსტთან დაკავშირებით დიალოგი. დიალოგი რაზე უნდა გავმართოთ, რედაქტორები მივაშველოთ, რათა ტექსტის რედაქტირება მოხდეს?! ხელისუფლებას თუ მართლა დიალოგი სურდა ამ თემაზე, ახალი კონსტიტუცია სამი დღის განმავლობაში ორი მოსმენით არ უნდა მიეღო. 2004 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამით დაიწყო ქვეყნის ნგრევა,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ის არანაირ ცვლილებას და დიალოგს არ ელოდება და ამბობს, რომ პარლამენტი კონსტიტუციას მესამე მოსმენითაც მიიღებს.

„რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მათზე ჯერ კიდევ არის დარჩენილი გარკვეული ტერიტორია შესაძლო დიალოგისთვის და ამ კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები, თუ რა შეიძლება, ეშველოს კონკრეტულად საარჩევო საკითხს“,  – განაცხადა უსუფაშვილმა.

დღესვე უსუფაშვილმა 6 სექტებერს სტრასბურგში “ვენეციის კომისიის” მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა.

„სტრასბურგში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მინდა, გითხრათ, რომ იქ არ შემინიშნავს რაიმე განსაკუთრებული ჰაერი, რომლის ჩასუნთქვის შემდეგ, ადამიანები იცვლებიან და იწყებენ ჭეშმარიტების ზიარებას. თბილისში მიცკევიჩისა თუ რუსთაველის ქუჩებზე თუ რაიმე ვერ ხერხდება, ვერც სტრასბურგში მოხერხდება“,  – განაცხადა უსუფაშვილმა.