LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება

95
yazbegi-2021-01-14-12-16-30-600042

ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა, სადაც პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID – ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სამინისტროს შემავალი სსიპ-ების – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ – ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID – ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევას.

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა: ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე.

„აშშ დაინტერესებულია ინვესტიციების ხელშეწყობით იმ სხვადასხვა სექტორში, რომლებიც მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის – ეს სექტორებია: ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამინისტროში შემავალ ორგანიზაციებთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვ. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაზე და ნამდვილად ველით დიდ შედეგებს, მათ შორის მაღალკვალიფიციური, ხარისხიანი ტურიზმის დაბრუნებას, რათა ეკონომიკა მართლაც განვითარდეს როგორც თბილისში, ასევე სოფლად“, – განაცხადა Usaid-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა.

„ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში.

„რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება,“ – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები