LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID პროდუქციის გადამამუშავებულ და შემნახველ საწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგავში დაეხმარება

79

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით, ტექნიკური დახმარება გაეწევათ. შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ-ს საერთაშორსიო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების დანერგვას. ასევე საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას.

საწარმოების ტექნიკურ დახმარებაში REAP-ი ღირებულების 50%-ის თანადაფინანსებით შევა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს 30% თანადაფინანსებას, ხოლო ბენეფიციარი მხოლოდ 20%-ს გადაიხდის.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მარინა მორგოშიას განცხადებით, ტექნიკური დახმარება გულისხმობს ISO22000 და HACCP-ის სტანდარტების დანერგვას.

”REAP-ის მიერ გამოყოფილი თანხა იმდენი იქნება, რამდენი ბენეფიციარიც გვეყოლება. ამ ეტაპზე არის 11 საწარმო. ახლა ჩვენ ვარჩევთ, ვიწყებთ ტრენინგებით, ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 15 ათასი დოლარი დაიხარჯება. აქედან ჩვენი დაფინანსება იქნება 30% – 10 ათასი ლარი და 20% იქნება ბენეფიციარის მონაწილეობა,” – განუცხადა ”ფორტუნას” მარინა მორგოშიამ და აღნიშნა, რომ DCFTA-ის ვალდებულებით, საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და შესაბამისად წარმოებული პროდუქციის სტანდარტი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარინა მორგოშიამ და USAID/ REAP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუის ფაორომ.

”ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელიც ჩართული საწარმოებისთვის იქნება ძალიან პროდუქტიული. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდბა. ამასთან, ეს მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს საწარმოების საექსპორტო პოტენციალი 9 მილიონიანი ევროკავშირის ბაზრისთვის” – განაცხადა ლუის ფაორომ.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 11 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო 3 172 198 დოლარი, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების – ჯამური ღირებულებით 3 666 582 დოლარი – საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები