კონკურენციის ეროვნული სააგენტოში დაწყებული დავის განხილვის ფარგლებში, კომპანია SA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
კერძოდ, USA2GEORGIA მზადაა, ფული დაუბრუნოს იმ კლიენტებს, რომლებსაც აშშ-დან საქართველოში ნივთების ჩამოტანის საფასური არა რეალური წონით, არამედ მოცულობით დაუთვალა.
ეს გადაწყვეტილება ვრცელდება 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეძენილ ნივთებზე.
უფრო ზუსტად:
- ოფისში არსებულ ამანათებზე;
- ვინც გაიტანა და ფასი მოცულობითი წონით გადაიხადა (მათ შორის, ვინც ფასდაკლება მიიღო);
- ვინც ნივთი 2023 წლის 25 იანვრამდე შეიძინა, თუმცა საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და კომპანია ინდივიდუალურად შეუთანხმდა).
თანხის დასაბრუნებლად აუცილებელია სპეციალური განაცხადის შევსება.
“USA2GEORGIA-მ ვალდებულება აიღო – მომავალში მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლებს წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით, ინფორმაცია – საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს”, – წერია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ ამით USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ დავის განხილვა დასრულებულია.
“გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია – შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ შეთანხმების შემდეგაც კომპანია ძალაში ტოვებს ნივთების მოცულობითი წონით დაანგარიშების წესს. 25 იანვარს კომპანიამ კლიენტებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერია:
“2022 წლის 15 ნოემბრიდან ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების მოცულობითი და რეალური (სასწორის) წონის მიხედვით… იმ შემთხვევაში, თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 – სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ (სასწორის) წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით”.
კომპანიამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ბაზარზე, ასობით კლიენტი გაანაწყენა. გასული წლის ბოლოს, 15 ნოემბრიდან, USA2GEORGIA-მ ტრანსპორტირების საფასურის დათვლის სისტემა შეცვალა, რამაც მისი კლიენტების დიდი ნაწილის ხარჯები გაზარდა – რეალური წონის ნაცვლად, კომპანიამ ყუთით გამოგზავნილ ნივთებზე მოცულობითი წონა დათვალა.