ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
„ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის.
უკრაინელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ეს კი ნიშნავს ღრმა და სტრუქტურულ რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობით დაწყებული, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, უმცირესობების უფლებების დაცვითა და მედიის თავისუფლებით დამთავრებული. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავია იმის ხილვა, როგორ სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს, ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.