საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 160 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში აცხადებენ, თაბორის რეკრეაცია უპრეცედენტოდ მწვანე პროექტია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია.