LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპრეცედენტო შეთავაზება ქართველ მომღერლებს სახელმწიფოსგან

44

„საქართველო მსოფლიო კალენდარზე“ – საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტი სტარტს 24 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტით აიღებს. უცხოელი ვარსკვლავების გარდა, რომელთა მხოლოდ ნაწილი გაცხადდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ოფიციალური პირების მონაწილეობით, იგეგმება ქართველ შესმრულებელთა კონცერტებიც რეგიონებში, მათ შორის რუსთავში, თელავში, სიღნაღში, ყვარელში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ბაკურიანში და სხვ.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მზადდება გალაკონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

გარდა ამისა, როგორც კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, სახელმწიფოსგან ქართველ შემსრულებლებს უპრეცედენტო შეთავაზება აქვთ – ბათუმში მოეწყობა საკონცერტო სივრცე სპეციალურად მათთვის, აპარატურისა და დაცვის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს, მომღერლებსა და პროდიუსერებს კი მიეცემათ საშუალება, დაგეგმონ თავიანთი კონცერტები ზემოხსენებულ სივრცეში და თავისი სურვილისამებრ, გაყიდონ ბილეთები, რომელთა ფასს თავად დააწესებენ. ეს იქნება ასევე შესაძლებლობა ახალბედა მომღერლებისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ მსმენელს და უფასოდ ჩაატარონ კონცერტი.

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი:

რასაკვირველია, დასვამთ ამ შეკითხვას, ამიტომ თავად ვიტყვი – დაგაინტერესებთ, რის მიხედვით შეირჩევიან შემსრულებლები, რათა მათ ეს საკონცერტო სივრცე დაიკავონ. ჩვენ ხალხის სურვილს გავითვალისწინებთ. წინასწარ ჩავატარეთ გამოკითხვები ყველა რეგიონში და გვაქვს ინფორმაცია იმ შემსრულებლების შესახებ, რომელთა მოსმენა ყველაზე მეტად სურთ. სწორედ ეს იქნება კრიტერიუმი.

ნინო მურღულია