თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და იგი სააქციო საზოგადოებამ „აეროსტრუქტურები, ტექნოლოგიები, ცილკონი“ (JSC “Aerostructures Technologies Cyclone”) წარმოადგინა.
აღნიშნული ორგანიზაცია სს „საპარტნიორო ფონდის“, ეკონომიკის სამინისტროსა და ისრაელის მაღალტექნოლოგიური კომპანია „Elbit Systems – Cyclone Ltd“-ის მიერ დაარსდა.
განათლების სამინისტროს ცნობით, „Elbit Systems – Cyclone Ltd.“-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ააშენოს ქარხანა, სადაც მსოფლიოში წამყვანი საავიაციო კომპანიებისათვის სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები დამზადდება. ეს უპრეცედენტო პროექტი ხელს შეუწყობს საინჟინრო სფეროს განვითარებას საქართველოში და 300 ადგილობრივს დაასაქმებს.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და თანამშრომლობას დაწყებას იმ საგანმანთლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც საინჟინრო მიმართულების პროგრამებს ახორციელებენ.