ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე ცნობილია: ეს ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც წუხელ საკუთარ “ავივაზე” ბოსნია-ჰერცოგოვინას 2:0 მოუგო და ფრანგული საგზური ჩაიჯიბა.
თამაში პარიზის ტერაქტის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ბოსნიელმა ფანებმა სტვენით და ხმაურით შეურაცხყვეს, ამას მოყვა ირლანდიელ ფანთა ბრაზიანი რეაქცია და სტუმრები იძულებული გახდნენ დამშვიდებულიყვნენ.
ორივე გოლი ჯონათან უოლტერსის ანგარიშზეა. “სტოკის” ფორვარდმა პირველ ტაიმში პენალტიდან გაიტანა, მეორე ტაიმში კი უკვე თამაშიდან.
დღეს შესარჩევი ციკლი ორი მატჩით დასრულდება და ევრო 2016 საბოლოოდ დაკომპლექტდება. დანიის ნაკრები შვედეთს მასპინძლობს, იბრას და კომპანიას 2:1 აქვს შესანარჩუნებელი, ხოლო უკრაინის ნაკრებმა მარიბორში სლოვენიასთან ორბურთიანი უპირატესობა არ უნდა გაანიავოს.