პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 120 ათას მცირე მეწარმეს, წლიური ბრუნვის გადასახადი შეუმცირდება და 5%-ის ნაცვლად, 1%-ს გადაიხდის. უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მეწარმეების – ასე უწოდა მამუკა ბახტაძემ ახალ კანონს, რომლის მეშვეობითაც პრემიერს იმედი აქვს, რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევის საფუძველს შექმნის.
ბახტაძის კანონად ქცეული ინიციატივა მცირე ბიზნესმა უკვე შეაფასა, როგორც შანსი გაჯანსაღებისა და განვითარებისკენ. კომპანია „ჩირი ფრუტის“ დამფუძნებელი სოფო ჯიქია, ერთ-ერთია იმ ასეულობით კომპანიიდან, რომელიც ახალ რეგულაციებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ორმხრივად, სახელმწიფომაც და მეწარმემაც, ხმაშეწყობილად უნდა იმუშაონ.
„ასეთი შეღავათები მცირე მეწარმეებისთვის ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მცირე მეწარმეს, რომ განვითარდეს, ეს რა თქმა უნდა კარგია. თუ თვითონ მცირე მეწარმესაც აქვს სურვილი, რომ ის თანხები, რაზეც შეღავათი იქნება, სწორად გამოიყენოს, რა თქმა უნდა, დაეხმარება წინსვლისთვის. თვითონ მეწარმეზეც არის დამოკიდებული, რამდენად სწორად გამოიყენებს და ჩადებს იმ თანხას, რაზეც შეღავათი ექნება. ასე რომ, ორმხრივად უნდა იმუშაოს სახელწმიფომაც და მეწარმემაც. ეს შეუწყობს ხელს დამატებითი სამუშაო ადგილების შემქნას, კომპანიების გაფართოებას და ეკონომიკის განვითარებას,“ – განუცხადა „ფორტუნას“ სოფო ჯიქიამ.
ახალ კანონს მიესალმება კომპანია „ფრეკოს“ დირექტორი ირაკლი ქურდაძეც.
„ცალსახად დადებითი მხარეა, რადგან მეტი ფული დარჩება ეკონომიკაში და მცირე ბიზნესსაც მეტი საშუალება ექნება, დამატებითი ინვესტიციები გააკეთონ და გააფართოვონ ბიზნესი. უარყოფითი მხარე არ აქვს,“ – განაცხადა მან „ფორტუნასთან“ საუბრისას.
ეკონომიკური სუბიექტებისთვის ტვირთის შემცირება კარგია, თუმცა, კანონს მოქმედების დასაწყისში შესაძლოა, მცირე დანაკარგები ჰქონდეს ბიუჯეტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის და სტატუსის ბიზნესიდან ბიუჯეტში დიდი ოდენობის თანხები აქამდეც არ შედიოდა. თუმცა, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი რამაზ გერლიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას, ახალ კანონში უფრო მეტ დადებით მხარეს ხედავს, ვიდრე უარყოფითს.
„იქიდან გამომდინარე, რომ მოგების გადასახადი მცირდება, მათ რჩებათ მეტი სახსრები გაფართოებისთვის. ამ ტიპის რეფორმატორული მიდგომა მხოლოდ და მხოლოდ მისაღებია, თუმცა მხოლოდ ეს არ არაა საკმარისი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი იყოს გააქტიურებული. რასაკვირველია, მოაკლდება შეოსავლები მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტს, მაგრამ ჩაბრუნებული თანხები, რეინვესტირებაში დატოვებული მოგება, ეს ის თანხებია, რომელიც ეკონომიკაში დამატებით ფულად რესურსს აჩენს,ზრდის მის მულტიპლიკაციურ ეფექტს და საბოლოო ჯამში, მაინც მომგებიანი აღმოჩნდება ხოლმე. ეს არის აბსოლუტურად დადებითი ინიციატივა. ეს ნიშნავს, რომ სამეწარმეო სუბიექტებს ვუმცირებთ ტვირთს,“ – აღნიშნა გერლიანმა.
მისივე თქმით, ამ ფაქტმა შეიძლება ვერ მოახდინოს გარდატეხა და ვერ უშველოს იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას, თუმცა დადებითი ტენდენცია აუცილებლად იქნება.
გარდა ამისა, ახალი კანონით მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობაც.
ქეთი გიგოლაშვილი