LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური აპლიკაცია, რომელიც ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში დაგეხმარებათ

548

ქართველმა სტუდენტებმა უნიკალური აპლიკაცია შექმნეს. აპლიკაცია აბიტურიენტებს გამოცდებისთვის კითხვების ნიმუშებსა და საგამოცდო პროგრამას სთავაზობს.
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონული ვერსიის საშუალებით, წინასწარ იხილონ რა ფორმატის კითხვები იქნება გამოცდებზე. აპლიკაციის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია იმ საგამოცდო მასალის ნახვა, რომელიც საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებშია შეტანილი.

 

სრული ინფორმაცია, კითხვების ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა მისმა შემქმნელებმა გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მიიღეს.

როგორ მოვძებნოთ აპლიკაცია

გადმოსაწერად საჭიროა Play Store-ში, ან APP Store-ის  საძიებო ველში მივუთითოთ NAEC APP, შემდეგ კი აპლიკაცია ჩამოვტვირთოთ მობილურ ტელეფონსა თუ პლანშეტში.

აპლიკაცია არის ქართულ ენაზე და დაყოფილია სამ პუნქტად: კითხვების ნიმუშები, კონსპექტები და სიახლეები. პირველი ორი პუნქტით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ინტერნეტთან წვდომის გარეშეც. რაც შეეხება სიახლეების ველს, ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით მივიღებთ.

აპლიკაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა – დავით სოსელიამ, ანდრო გვივრაძემ, გიგა ვაშაკიძემ, ნიკა მინაშვილმა და ლუკა ლომთაძემ გასულ სასწავლო წელს შექმნეს. პროექტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტესტირება გაიარა და დადებითი შეფასება მიიღო. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლუკა ლომთაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, აპლიკაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

„ერთ-ერთ ჩვენგანს გაუჩნდა აპლიკაციის შექმნის იდეა. აპლიკაცია წინა სასწავლო წელს შეიქმნა, მაგრამ იმ პერიოდში სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ეროვნულ გამოცდებს ვერ მოუსწრო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ეს პროექტი,“ – აცხადებს ლუკა ლომთაძე.


ძალიან მალე აპლიკაცია უფრო ინტერაქტიული გახდება

სამომავლოდ, აპლიკაციას ახალი ფუნქციები დაემატება. ყველა სიახლე, რაც განთავსდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე, შეტყობინების სახით მიუვა აპლიკაციის მომხმარებლებს. ლუკა ლომთაძის თქმით, ასევე, იგეგმება ქულის გამომთვლელის დამატებაც, რომლის საშუალებით, მოსწავლეები შეძლებენ, ქულების მიხედვით, სტატისტიკურად, როგორ რეიტინგს დაიკავებენ. როდის დაემატება აპლიკაციას ახალი ფუნქციები, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები