LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNICEF პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს მოუწოდებს, სკოლები რაც შეიძლება მალე გახსნან

56
1

“ეს არის მნიშვნელოვანი კრიზისი, რომლის უგულებელყოფის საშუალებაც მსოფლიოს არ აქვს. ჩვენი გზავნილი ასეთია: რაც შეიძლება მალე, სკოლები უნდა გაიხსნას და მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.” – გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ანგარიშს აქვეყნებს და მსოფლიოს სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის დროს, ყველაზე ბოლოს სკოლები უნდა დაიხუროს და ასევე, შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე, პირველად სწორედ სკოლები გაიხსნას.

UNICEF-ის მიმართვაში აღნიშნულია, რომ სკოლებში უსაფრთხო დაბრუნება აუცილებელია, რათა ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

გაეროს ბავშვთა ფონდი, პირველ რიგში, პანდემიის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებს მიმართავს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 17 ქვეყნის სკოლები სრულად დახურულია, 39 ქვეყანაში კი – ნაწილობრივ დახურული.

“თითქმის მთლიანად დახურულია სკოლები ფილიპინებში, ბანგლადეშში, ვენესუელაში, საუდის არაბეთში, პანამასა და ქუვეითში, სადაც ჯამში 77 მილიონი მოსწავლეა.

ამ მაჩვენებლის თითქმის მესამედს წარმოადგენენ მოსწავლეები ფილიპინებიდან, სადაც პანდემიის ერთ-ერთ მასშტაბურ ტალღას ებრძვიან.” – აღნიშნულია ანგარიშში.

 

 

გაეროს ბავშვთა ფონდი გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას და დისტანციური სწავლების ხელისშემშლელ ფაქტორებზეც საუბრობს – ასე, მაგალითად ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფილიპინებზე, ზოგიერთი მოსწავლე იძულებულია, ავიდეს სახლის სახურავზე ინტერნეტის სიგნალის მისაღებად.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მუშაკებისა და რისკჯგუფების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ მასწავლებლებს, რათა დასრულდეს “დაკარგული სწავლის 18 თვე” და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო შეიქმნას.