„ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები და სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა.
კვლევის შედეგები გაეროს ბავშვთა ფონდმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.
კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრებმა ჩაატარა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა.
სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.
სტუდენტების 72 პროცენტი ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელის შემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში.