2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა და საქართველო ამ დღეს რამსარის საიტების გაზრდილი რიცხვით ხვდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიას ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეუერთდა, რის შედეგადაც, ჩვენი ქვეყნიდან, ამ სტატუსს უკვე 3 დაცული ტერიტორია ატარებს: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები.
UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე, საქართველოში პირველად, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ პარკებთან ერთად, სწორედ კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები არიან წარდგენილი.
2021 წელს, მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დღის თემაა „ჭარბტენიანი ტერიტორიები და წყალი”, რაც ხაზს უსვამს ჭარბტენიანი ტერიტორიების როლს მტკნარი წყლის რაოდენობისა და ხარისხის შენარჩუნების პროცესში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჭარბტენიანი ტერიტორიებს მნიშვნელობას მთელი პლანეტისთვის.
ცნობისთვის, 1971 წელს, ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას “საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ”. 1997 წლიდან კი მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და მისი მნიშვნელოვნების შესახებ.