LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული იდეების ირგვლივ. ეს „ოცნების“ დამარცხების ერთადერთი შანსი იყო – რაქვიაშვილი დაგეგმილ აქციას არ უერთდება

131
ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, დარღვევებმა შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა არ იქონია. მისი აზრით, პრობლემა დათვლის პროცედურებია.

„ზოგადად, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება მეორე ტურში სრულიად იდეებს მოკლებული იყო და მარტივ მიშა-ბიძინას თამაშში გარდაიქმნა, რომელშიც, როგორც წესი, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს ხოლმე,“ – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია უფრო მეტ ქალაქში მოიგებდა, ვინაიდან რაქვიაშვილის თქმით, გარკვეულ რეგიონზე კითხვები ახლაც რჩება.

„ერთადერთი, რაზეც კითხვებია, არის ბათუმი, ძალიან პატარა სხვაობაა და საკმაოდ ბევრი კითხვაა. ზოგადად, შედეგები, მგონი, ხალხის ნებას ასახავს, რამდენადაც დისკომფორტული არ უნდა იყოს ეს შედეგი.

ვნახოთ, რა აქცია იქნება, მაგრამ, ზოგადად, დიდი ხანია, ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს პრობლემა აქვთ, ისინი გაერთიანებული არიან ადამიანების ირგვლივ და უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებული იდეების ირგვლივ. ეს იყო ერთადერთი შანსი „ქართული ოცნების“ დამარცხების. ამას ხშირად ვამბობდით, მაგრამ არ გვიჯერებენ. აგერ, შედეგიც.

სანამ მიშას ებრძვის, ბიძინა სულ მოიგებს. სააკაშვილი ბიძინას იარაღია ხალხის წინააღმდეგ და რაც უფრო მეტად შეეზილება მას დანარჩენი ოპოზიცია, მით მეტად იგებენ ქოცები: იაგო ხვიჩია

როცა უბრალოდ შეიკრიბა ბევრი სხვადასხვა ადამიანი რაიმე იდეის გარეშე გარდა იმისა რომ, ჩვენ უკეთესი ვართ ვიდრე „ქართული ოცნება“, ამის გარდა, რომ ამომრჩეველს არაფერი შესთავაზეს დადგა ის შედეგი, რაც დადგა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამის გამო, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლას არ აპირებს.

„თუ რაიმე გეგმა იყო, როგორ დავამარცხოთ „ოცნება“, რაღა დღეს მოგვიყვებიან, უფრო ადრე ეთქვათ, მარტივი იქნებოდა. მგონი, უფრო მნიშვნელოვანია, შეცდომებზე ვისწავლოთ და დავფიქრდეთ, რომ ამომრჩეველს იდეა უნდა შევთავაზოთ, როგორ უკეთეს საქართველოს ვთავაზობთ. მარტო ის, რომ ჩვენ უკეთესი ხალხი ვართ და ლამაზად გამოვიყურებით, საკმარისი არ არის.

თავისთავად აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ დღევანდელი აქცია არც კი ვიცი, რა აქციაა. რატომღაც ნიკა მელიას მოუნდა, რუსთაველზე გააცნოს თავისი გეგმა მხარდამჭერებს და რავიცი, შესაძლოა, პრესკონფერენცია ჩაეტარებინა.

არც მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული აქციაა და უნდა წავიდე, ჩავრთავ ტელევიზორს და მოვუსმენ, რას იტყვიან. თუ რაღაც აქციები იქნება ზოგადად, იყოს, რატომაც არა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

ცნობისთვის, თბილისში ყველა უბნის შედეგები დათვლილია: კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს, ნიკანორ მელიას 44.397 პროცენტი აქვს.