გაერთიანებული ოპოზიცია თითქოს ერთიანია. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მიაღწიეს მიზანს და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, მათ შორის დაიწყება დიდი დაპირისპირება. არც მალავენ და ამბობენ, რომ ერთმანეთისთვის მიუღებელი პიროვნებები არიან და მათი გაერთიანების მიზეზი მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ოპოზიციის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილია. ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში იკამათეს ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ. ერთმანეთი არ დაინდეს არც ალეკო ელისაშვილმა და გია ბარამიძემ. ამ შემთხვევაში გიგა ბოკერია სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა და ალეკოს გვერდით აღმოჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ სააკაშვილს თუ უნდა ჩამოვიდეს და თავი დაანებოს ოპოზიციას.
ვიდეო: გუბაზ სანიკიძემ და ნიკა მელიამ იჩხუბეს - ხან ბიძინას აგენტი ხარ, ხან მიშასი, წადი რა...
"დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი".
„ფორტუნა“ ექსპერტებს „სააკაშვილის ეფექტზე“ ესაუბრა. შევეცდეთ გაგვერკვია, ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციას ხელს უწყობს თუ პირიქით…
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინულ საქმიანობასაც კარგად იცნობს, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა ოპოზიციის დაშლას უფრო შეუწყო ხელი, ვიდრე გაერთიანებას.
ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ როგორც ყოველთვის სააკაშვილს დისონანსი შემოაქვს. ოპოზიცია ვერ მიხვდა, რომ ახალი თემები უფრო მნიშვნელოანია, ვიდრე სააკაშვილის მცდელობა, თვითონ ჰქონდეს წარმატება და თუ ასე არ იქნება, დაშალოს ოპოზიცია.
ფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ საკუთარი წარმატება აინტერესებს და თუ ეს არ ექნება, შეეცდება ოპოზიცია დაშალოს?
მგონია, რომ სწორედ ეს უნდა. ის ძალიან ეჭვიანია, მისთვის მთავარია თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს წამყვანი. ეს ძალიან პრიმიტიული და სასაცილოა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს და რაც მთავარია, სახიფათოა. როდესაც სააკაშვილი ყოველ წუთს გაიძახის, დამიძახოს ოპოზიციამ და ჩამოვალ, და როდესაც მიტინგზე წარწერები გამოიტანეს, მიშა ჩამოდიო, ეს ქმნიდა განცდას, რომ მთელი ოპოზიციას სთხოვდა მიშას, ჩამოდიო. ამიტომ „ლელო“ ბათუმში გამართულ მიტინგზე იძულებული გახდა, ოპოზიცია დაეტოვებინა. ძალიან პრიმიტიულ აზროვნებასთან და ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებასთან გვაქვს საქმე. თუ სააკაშვილს ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ახლა კი პანდემიაა. არსებობს უამრავი სხვადასხვა საშუალებები, დათქმები, აიღოს ბილეთი და ჩამოვიდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე. აიყვანენ და წაიყვანენ ციხეში. მერე ატყდება ამბავი. თუ პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და გიგი უგულავა, რა პრობლემა იქნება მისი შეწყალება? მაგრამ მას უნდა, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული ერთადერთი ოპოზიცია იყოს. ამიტომ ეხვეწება ოპოზიციას დამიძახეთო. მერე იტყვის, თქვენ არ დამიძახეთო?
მასზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას მკვლელობები ბრალდება, ხელებზე სისხლი აქვს. თუ ჩამოვა, უნდა დააკავონ.
ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს დამთავრდა. 2012 წლის შემდეგ რაც ხდება, არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ის, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მეტნაკლებად ძლიერია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
მისი დამსახურებაა, რომ მაქსიმუმ 15 პროცენტიანმა პარტიამ აიღო სულ ცოტა 27 პროცენტი. და გულახდილად რომ გითხრათ, არ გინდათ „ნაციონალური მოძრაობა“? უნდა გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმუმ 10%-ზე ჩამოლაბორანტდება.
რამდენად შეიძლება ვირწმუნოთ სააკაშვილის სიტყვები, რომ გიჟი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დავბრძენდიო?
საქართველოში არის სამნაირი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ. ერთი ნაწილი ამბობს, არ გვინდა მიშაო. მეორე ამბობს, რომ არ უნდა „ოცნება“ და არის მესამე კატეგორია, რომელსაც არც ერთი არ უნდა და სურვილი აქვს, მესამე ძალა იხილოს. ამიტომ წავედი არჩევნებზე და ხმა სხვას მივეცი.
ახლა შეიძლება ითქვას, სახელმწიფოზე არავინ ფიქრობს. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, როგორ შეინაჩუნოს ხელისუფლება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, როგორ დაბრუნდეს.
შექმნეს იმიჯი, რომ გიჟი ვიყავი, ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას - სააკაშვილი
მან ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას“.
მიხეილ სააკაშვილი ნებსით თუ უნებლიედ შლის ოპოზიციურ ერთობას. გამოსავალი რა შეიძლება, რომ იყოს?
ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს მიმართა.
საქართველოში რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს, 150-ივე დეპუტატი უნდა აირჩეს პროპორციული წესით და რაც მთავარია, არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად.
ახლა ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ თამარ ჟვანია გადადგეს. მაგრამ ის მარტო ხომ არაა საარჩევნო გარემოში, იქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, ამიტომ სისტემაა შესაცვლელი. ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებით გაყალბებაც გამოირიცხება და ამომრჩეველთა რიცხვიც გაიზრდება.
ოპოზიციაში არსებობს უფრო მეტად უთანხმოება, ვიდრე კონფლიქტი. მათ ერთი ამოცანა აქვთ საერთო და ერთმანეთი სჭირდებათ. ვიღაცას სურს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს, ვიღაცას არ სურს. რეალურად შეიძლება არ ჩამოვიდეს, მაგრამ იყოს პოლიტიური ლიდერი.
ოპოზიციას ამ ეტაპზე ერთმანეთი უფრო სჭირდებათ. როდესაც მიაღწევენ მიზანს, შეიძლება სააკაშვილის გამო ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ მანამდე მათ ეს ერთიანობა სჭირდებათ. მგონია, რომ აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მწვავე კამათიც იქნება, მაგრამ ოპოზიცია არ დაიშლება.