LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ისწავლებოდეს თუ არა საზეპიროები? – ჯეჯელავას მასწავლებელი და ფსიქოლოგი არ ეთანხმებიან

285

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საზეპიროები? ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ საზეპიროების ცოდნა ბავშვებისთვის აუცილებელი არ არის.

იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? რა თქმა უნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო, თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა,“ – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ფსიქოლოგი მინისტრის აზრს არ იზიარებს

განათლების მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს  ფსიქოლოგ ნინო ახალაიას. მისი თქმით, მეხსიერების განვითარებისთვის საზეპიროების სწავლა სასარგებლოა.

„მე არ მიმაჩნია, რომ საზეპიროები არაფრის მომცემია, პირიქით, საჭიროა. მართალია, რთულია, მაგრამ მათი ცოდნა ბავშვს ეხმარება მეხსიერებისა და მეტყველების განვითარებაში,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ნინო ახალაია.

priority-by-flashy-soup-can-flickr

ამახსოვრდებათ თუ არა ბავშვებს დაზეპირებული ტექსტი დიდ ხანს

ფსიქოლოგს ეთანხმება თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ამბობს, რომ საზეპიროები ბავშვის გონების განვითარებას უწყობს ხელს, ეხმარება მეტყველების დახვეწაში. კითხვაზე – ახსოვთ თუ არა ბავშვებს წლის განმავლობაში ნასწავლი საზეპიროები წლის ბოლოს,  ქართული ენის პედაგოგი აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამახსოვრდებათ.

რაც შეეხება თავად მოსწავლეებს, მათი ნაწილი ამბობს, რომ საზეპიროების სწავლა უჭირთ, თუმცა ერთ-ერთი პირველკურსელი, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ დაამთავრა სკოლა, აღნიშნავს, რომ საზეპიროები ეროვნულ გამოცდების დროს თემის დაწერისას ძალიან დაეხმარა.

ჩვენი თხოვნისას კი, გაეხსენებინა რაიმე საზეპირო, ყოფილმა მოსწავლემ ვერცერთი ციტატის გახსენება ვერ შეძლო.

 

ავტორი : გვანცა ბზიავა