LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გადასცენ თუ არა ტელევიზიებმა ღია ეთერში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობა

98

სოციალურ ქსელში დილიდან არ წყდება გამოხმაურებები იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს აწუხებს. საუბარია იმაზე, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინდელი საღამოდან მიმდინარე სპეცოპერაცია, რომლითაც, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის ტერორიზმში ბრალდებული პირების აყვანაა დაგეგმილი, ყველა წამყვანი ტელევიზიის ღია ეთერში გადაიეცა. მაყურებელმა ზუსტად იცის, სად არიან განლაგებულნი სპეცრაზმის წარმომადგენლები და ყველა დეტალს ეთერში ვადევნებთ თვალს.

სოციალურ ქსელში უკვე გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამ ეთერებს თვალს თავად სპეცოპერაციის ობიექტები ადევნებდნენ, რაც სამართალდამცავ ორგანოებს არასასურველ პოზიციაში აყენებს. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტოშარჟი, სადაც „ტერორისტები“ ტელევიზორთან სხედან და უყურებენ ქართული ტელევიზიების ღია ეთერებს სპეცოპერაციის ადგილიდან, ხოლო ფოტოს აწერა: „კარებთან გვანახოს რა, რა ხდება…“
ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე სოციალურ ქსელში ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: „მაპატიეთ და ამ ტერორისტებს რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ სპეცოპერაციის დეტალებზე ფაქსით თუ ვინმემ გადაუგზავნა სპეცოპერაციის გეგმა და გადაკეტვის ადგილები ჩასაფრების დეტალები და ა.შ ფაქსი ან ვაიბერში ჩაუგდეთ სურათები თორე შეიძლება ინტერნეტმა გაუჭედოს და ტელევიზორით ვერ გაიგოს“

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აღნიშნავს, რომ ეს არასწორი მიდგომაა:

„ამ ჟურნალისტებს რომ ამუნათებთ, სპეცოპერაციას პირდაპირ ეთერში რატომ გადასცემთ, ქვეყნის ღალატია ეგო, ერთი შეკითხვა მაქვს: თუ ეს პირდაპირი ჩართვები მართლა საფრთხე უქმნის სპეცრაზმელებს, ძალოვანები სხვა, თუ არაფერი, მოწოდებას მაინცარატომ არ აკეთებენ ტელევიზიების მისამართით, რომ შეწყვიტეთ პირდაპირში ჩვენებაო? იყო აგერ ბრიფინგი სუსში და სიტყვა არ უთქვამთ ამის თაობაზე. თუ თქვენ მეტი იცით, ვიდრე შესაბამისმა სამსახურებმა? ან იქნებ გგონიათ, რომ ეხათრებათ?“

ასევე ჟურნალისტი, რატი მუჯირი წერს:

„საქართველოს კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 13:

კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შეზღუდულია სატელევიზიო, სამაუწყებლო მობილური სადგურების ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპორტიორთა ყოფნა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი.

ბატონებო, ჟურნალისტებს კი ნუ მოუწოდებთ არ იმუშაონ, კანონი მარტივად განმარტავს, რომ ამაზე შესაბამისი ორგანოები არიან პასუხისმგებლები და შესაბამისად: თუ მართვის ოპერატიული შტაბი საჭიროდ თვლის გამოიყვანოს ისინი ზონიდან, თუ მართვის ოპერატიული შტაბი საჭიროდ თვლის კიდევ უფრო გაამკაცროს კონტროლი.

კარგი იქნებოდა ეს მართვის ოპერატიული შტაბი ადგილზე იყოს და პერიოდულად მედიას ოფიციალურ, დაზუსტებულ ინფორმაციას აწვდიდეს…

და თუ არა…

ჟურნალისტები თვითონ გადაწყვეტენ, რა ფორმით მიაწოდონ მაყურებელს ინფორმაცია, მაყურებელმა კიდევ გადაწყვიტოს, რომელი ფორმაა მათთვის მისაღები; აბა, წარმოიდგინეთ, ეთერი რომ არ იყოს, ხომ ატყდებოდა ისტერიკა, რატომ გძინავთო?!

P.S. მარტო იმიტომ ვწერ, რომ სხვა დროს და სხვა გარემოებაში მეც მომიწევდა იქ მუშაობა, თორე ახლა ვინ მეკითხება“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები