LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ავურჩიოთ თუ არა შვილს მეგობრები“ – ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის რეკომენდაციები

1120
nata-mefarishvili-piradi-eqimi

„უნდა ავურჩიოთ თუ არა შვილს მეგობრები“ – აღნიშნულთან დაკავშირებით გადაცემაში „პირადი ექიმი“ ფსიქოლოგმა, პროფესორმა ნატა მეფარიშვილმა ისაუბრა.

ადამიანი არის სოციალური არსება. ასაკის მიუხედავად, მას სჭირდება გარემოცვა, რომელშიც არსებობს. თუმცა ხშირად ამ საკითხზე საუბრისას ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან ბავშვები. რამდენად სჭირდება ბავშვს მეგობარი?

როცა განვითარების სპეციალისტები და ფსიქოლგები ვსაუბრობთ ადამიანის გნვითარებაზე, ერთ ერთი მთავარი ხაზი არის სოციალური განვითარება და მისი შემოწმების გარეშე ჩვენ ვერ ვიტყვით, ნომრალურად ვითარდება თუ არა ინდივიდი. ადამიანი ნამდვილად სოციალური არსებაა და გარშემო სჭირდება საზოგადოება. ძირითადად, ადამიანი სოციუმში ხვდება დაბადებიდანვე. მისი ოჯახის წევრები არიან იმ მიკროსოციუმის ნაწილები, რომელში ყოფნისასაც ბავშვს უყალიბდება საბაზისო სოციალური უნარები. სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ამას შემდეგ მოსდევს უკვე ბაგა-ბაღი, სკოლა, სასწავლებელი, სამსახური. ასაკთან ერთად სოციალური წრე ფართოვდება, თუმცა პირველ სოციალურ გავლენას ინდივიდზე ოჯახის წევრები ახორციელებენ.

რას გვეტყვით სოციალური უნარების განვითარების ეტაპებზე?

როგორც აღვნიშნე, საბაზისო სოციალური უნარები მცირე ასაკში, ოჯახში ყალიბდება. სამი-ოთხი წლის ასაკამდე, სანამ ბავშვს ჩამოუყალიბდება მეტყველება, როგორც კომუნიკაციის ძირითადი საშუალება, იგი უბრალოდ აკვირდება გარშემომყოფებს და მათ ქცევებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილთან მეგობრობა მშობელებმა თავიდანვე დაიწყონ, რათა მოგვიანებით, მაგალითად გარდატეხის ასაკში არ შეექმანთ მასთან ურთიერთობაში პრობლემები, ან თავად ბავშვს უკვე მოზარდობის ასაკში არ შეექმნას პრობლემები გარემოსთან ან სოციუმთან ადაპტაციაში.

რა კრიტერიუმებით ირჩევენ ბავშვები მეგობრებს?

მცირე ასაკში ეს შეიძლება იყოს გარეგნობასთან დაკავშირებული შტრიხებიც, მაგალითად თუ ორივეს ერთნაირი ვარცხნილობა აქვს. ასევე დიდ როლს თამაშობს საერთო ინტერესები: ორივეს მოსწონს ლეგოს აწყობა, ცეკვა ან ფეხბურთის თამაში. დროსთან ერთად რჩება საერთო ინტერესები. შეიძლება ბავშვების დამეგობრებას ხელი შეუწყოს საერთო სოციალური გამოცდილების ქონამ, მაგალითად ადვილი შესაძლებელია დამეგობრდნნენ თანაკლასელები, რომლებიც მანამდე ერთ ბაღში დადიოდნენ და ერთმანეთს უკვე იცნობენ, ან ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეთ რაიმე წრეზე დადიან ერთად.

რას გვეტყვით იმ მომენტზე ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც იგი საბავშვო ბაღში მიდის?

ეს ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია. თავიდან, როდესაც მას ურთიერთობა მხოლოდ ოჯახის წევრებთან აქვს, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ მაშინ უყალიბდება საბაზისო სოციალური უნარები, თუმცა ოჯახი ვიწრო სოციუმია, უფრო დამთმობი, უფრო გამგები და მოსიყვარულე. საბავშვო ბაღში კი ბავშვს ხვდებიან მისთვის უცნობი თანატოლები რომლებმაც მაგალითად, შესაძლოა სათამაშო წაართვან და არც ყველა სურვილი აუსრულონ. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს უჭირს ადაპტაცია და მას ამაში უნდა დაეხმარონ როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლებიც. რასაკვირველია, ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. მათ განსხვავებული ტემპერამენტი და ხასიათები აქვთ. ზოგი ადაპტირებას ძალიან ადვილად ახერხებს, ზოგს კი უჭირს, ამიტომ ბავშვს ასეთ დროს უნდა დავეხმაროთ.

რას იტყვით ბავშვის მეგობრების ასაკზე?

თავიდან ძირითადად ესენი არიან თანატოლები. თუმცა როგორც არვნიშნე, მეგობრები უნდა იყვნენ მშობლებიც და მატ თავიანთ შვილებთან მეგობრობა უნდა დაიწყონ თავიდანვე. მეგობრები უნდა იყვნენ საბავშვო ბაღის აღმზრდელებიც და ძიძებიც. სხვა საკითხია არიან თუ არა, მაგრამ უნდა იყვნენ. ბავშვი უყურებს მოზარდებს და მათგან ბევრ რამეს სწავლობს, ამიტომაც მშობლებმაც და ზოგადად იმ მოზრდილმა ადამიანებმა, ვინც მის გარშემო ტრიალებენ, უნდა აცვენონ, რას ნიშნავს მეგობრობა. ბავშვი უნდა ხედავდეს როგორ უყვართ მეგობრები მათ გარშემო მყოფ ზრდასრულებს, როგორ უთმობენ მათ, როგორ გამოხატავენ უკმაყოფილებას და წყენას მშვიდი ტონით და შემდეგ როგორ ურიგდებიან მეგობრებს. მშობლების და ზოგადად, მოზრდილი ადამიანების ქცევა მბავშვებისათვის ერთგვარი მოდელია, რომელსაც შემდეგ თავის ქცევას არგენებენ.შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ზრდასრულების ურთიერთობები არის პირველი საფეხური, საიდანაც ბავშვები მეგობრობას სწავლობენ.

რას იტყვით სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე? როდიდან შემოდის ეს ფაქტორები?

შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს არ შემოაქვთ ეს ფაქტორები და არ გამოაქვთ წინა პლანზე, ეს შემოაქვთ მშობლებს,რაც ძალიან არასწორი მიდგომაა. ნებსით თუ უნებლიეთ ისინი საკუთარი დამოკიდებულებით ამ საკითხისადმი იწყებენ გავლენის მოხდენას შვილის მეგობრების არჩევაზე, რაც არასწორია. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილისათვის უკეთესი იქნება შედარებით მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მშობლების შვილთან იმეგობროს და ზოგჯერ პირდაპირ დირექტივებს აძლევს შვილს, რის შედეგადაც იზღუდება ბავშვის არჩევანის უფლება.

და მაინც, ხომ არსებობს შემთხვევები, როდესაც შვილის დაცვის მიზნით მშობელმა უნდა ურჩიოს მას გარკვეულ ადამიანებთან დამეგობრებისაგან თავის შეკავება?

სწორედაც, შეუძლია ურჩიოს, მაგრამ არა უბრძანოს. თითის ქნევის პოლიტიკა ბავშვებთან არ გამოდგება, მით უფრო თინეიჯერებთან. თინეიჯერებს განსაკუთრებით ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ძირითადად ამ დროს ხდება კონფლიქტი მოზარდსა და მშობელს შორის, ან დამეგობრება ისეთ ბავშვებთან, რომლებმაც თავისი ჩვევების გამო შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინონ ჩვენს შვილზე. მაგალითად ვიცით, რომ თინეიჯერები სწორედ ამ ასაკში იწყებენ მავნე ნივთიერებების გამოყენებას, მაგალითად მოწევას ან ტაბლეტების სახით მიღებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ჩვენს შვილებს მივაწოდოთ ინფორმაცია სწორად და ავუხსნათ, რა საფრთხეების შემცველია ასთი ნივთიერებების მოხმარება.

მნიშვნელოვანია შვილებს ვასწავლოთ თქვან არა, რათა მათმა თანატოლებმა ვერ შეძლონ მათზე ზეგავლენის მოხდენა. და რაც მთავარია მნიშვნელოვანია ავუხსნათ, თუ რატომ უნდა თქვან უარი ამ ნივთიერებების მოხმარებაზე. თუკი ვხედავთ, რომ სხვა ბავშვები ცდილობენ ჩვენს შვილზე ზეგავლენის მოხდენას, შეგვიძლია მათაც დაველაპარაკოთ, მაგრამ თუ ამ ყველაფერმა არ გამოიღო შედეგი, შემდეგ უკვე შეიძლება ვურჩიოთ ჩვენს შვილს, არ იმეგობროს ამ ბავშვებთან. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს რჩევის სახე უნდა ჰქონდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები