LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა აიკრძალოს თუ არა მიწის მიყიდვა უცხოელებზე – ეკონომისტები პრემიერის დაანონსებულ მიწის რეფორმას აფასებენ

ქვეყნის დღის წესრიგში მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებების საჭიროება დადგა. პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ მიწის ფუნდამენტური რეფორმის გატარება სოფლის მეურნეობის პოტენციალს გაზრდის. თავად აგრარული დარგის სპეციალისტები უკვე წლებია, მიწის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის რეფორმა. ის არსებული მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, ვერ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას. უკვე მივიღეთ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და შეარბილებს იმ პრობლემებს, რომლებიც ამ მიმართულებით იყო,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტი, ბადრი რამიშვილი პრემიერის მიერ დაანონსებულ ახალ რეფორმას დადებითად აფასებს. რამიშვილი კატეგორიულად ითხოვს, რომ ახალი რეფორმის ფარგლებში, აიკრძალოს უცხოელებზე მიწის მიყიდვა, ამავდროულად კი უნდა გაიზარდოს სუბსიდირება ადგილობრივი მეწარმეებისთვის.

„ახალი რეფორმა, რომელსაც პრემიერი აანონსებს, აუცილებლად უნდა კრძალავდეს უცხოელებზე მიწის გაყიდვას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა შევიდეს რეფორმაში. შემდეგ უნდა მოხდეს მიწაზე საგადასახადო სისტემის რეგულაცია, უნდა დაწესდეს რაღაც გადასახადი, მაგრამ ამავე დროს, მიწა არ უნდა მოცდეს, უქმად გაჩერების ინტერესი არავის უნდა ჰქონდეს. ბახტაძე ამას რეალობაში მოიყვანს თუ არა არ ვიცი, ჯერ ვნახოთ, ახალ რეფორმაში რა იგულისხმა,“ – განაცხადა ბადრი რამიშვილმა.

იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, მიწის რეფორმის დროს რა ძირითად პუნქტებზე გაკეთდება აქცენტი, ეკონომისტი გიორგი პაპავა ორ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, პაპავას თქმით, პირველი რიგის გასაკეთებელ საქმედ მიიჩნევა.

„პირველი – ესაა ქართველი გლეხები, ვისაც აქვთ მიწები იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვუზღუდავთ მათ გასხვისებას უცხოელებზე, ამით მათი მიწის ფასი ეცემა და შესაბამისად, ეს აისახება მათ კეთილდღეობაზე. მეორე არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ფლობენ მიწას, იყენებენ, მაგრამ საკუთრებაში არ აქვთ დარეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად უნდა მოხდეს მათზე მიწის რეგისტრაცია, ანუ საკუთრების უფლების მინიჭება ამ ადამიანებისთვის. ჩემი აზრით, ეს არის ორი მთავარი კომპონენტი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი პაპავამ.

ეკონომისტთა ნაწილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით მიწასთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ისაა, რომ მთავრობა მიწების დიდ ნაწილს ფლობს, დარჩენილ ნაწილს ფლობენ ადამიანები, რომლებიც ამ მიწებს ამუშავებენ, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები საკუთრებაში არ აქვთ, რის გამოც, ეკონომისთა ნაწილის თქმით, ეს ადამიანები მიწების ეფექტურად გამოყენებას ვერ ახერხებენ.

„მთავარი რისკ-ფაქტორი ის არის, რომ, მაგალითად, მე ვყიდულობ მიწას, რომელიც არ შემიძლია, რომ გავასხვისო უცხოელზე, ეს ნიშნავს, რომ ჩემს მიწაზე მოთხოვნა არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობიდან. შესაბამისად, ამ მიწის ფასი არის უფრო ნაკლები. მიწის ფასი როცა უფრო ნაკლებია, ნიშნავს იმას, რომ პირობითად, თუ მე მინდა ვიყიდო ტრაქტორი, რომლითაც ამ მიწას დავამუშავებ და მინდა, ამისთვის ავიღო სესხი, მივდივარ ბანკში, ჩემს მიწას ფასი არ აქვს, შესაბამისად, მისი უზრუნველყოფით, მე ტრაქტორისთვის სესხს არ მომცემენ. შეიძლება მინდოდეს პირობითად, მქონდეს მიწა, გავყიდო ეს მიწა და გავაკეთო მაღაზია. ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა აგდებს ამ მიწის ფასს ქვემოთ. რაც უფრო ნაკლები ღირს ჩემი მიწა, მით უფრო ნაკლებად მდიდარი ვარ მე,“ – განმარტავს პაპავა.

განსვავებულად ფიქრობს ეკონომისტი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ყოველი ახალი მთავრობა აანონსებს გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის მიწის რეფორმასთან დაკავშირებით, თუმცა ეს რეფორმები მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელშესახებია.

„პრემიერის განცხადება იწერება იმ ქმედებათა კასკადში, რაც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს ჰქონდა. ხაზს ვუსვამ აბსოლუტურად ყველა იმ ფაქტორის ეფექტიანობის გაზრდას, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკური ზრდა. მიწა, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი, არის უმნიშვნელოვანესი, რომელსაც ცალკეული ქვეყნების მეშვეობით შეუძლია, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება,“ – ამბობს სოსო არჩვაძე.

არჩვაძის განმარტებით, იმის გამო, რომ საქართველოს შეზღუდული სავარგულები აქვს, მისი რესურსები საკმაოდ მოკრძალებულია, თითოეულ ჰექტარს სჭირდება რაციონალური გამოყენება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო სივრცეს რაიმე ზიანი ან პრობლემა არ შეექმნას.

„მიწა ერთდროულად არის შრომის საგანი, შრომის საშუალებაც და სასიცოცხლო სივრცეც, ამ სამი კომპონენტის ერთიანობას წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს მიწისადმი დამოკიდებულება, რომ რომელიმე ერთი კომპონენტის წინა პლანზე წამოწევამ არ დააზიანოს სხვა კომპონენტების ერთიანობა. თუ ეს პრინციპი არ დაგვავიწყდება, ჩვენს ქვეყანაში მოხდება ეკონომიკური ზრდა, სასიცოცხლო სივრცის ეფექტიანობის ამაღლება. მიწა არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო კომპონენტი, ის არის მოსახლეობის სასიცოცხლო სივრცე. ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ყიდვა-გაყიდვის ობიექტად მიწა იმდენად, რამდენადაც ეს არ შეუქმნის პრობლემას მკვიდრი მოსახლეობის განვითარებას. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ განვითარდეს საბაზრო ურთიერთობები, ამ პროცესში მიწა აქტიურად იყოს ჩართული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ქართველი ერის ინტერესების საზიანოდ,“ – დასძინა სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტები განმარტავენ, რომ ქართული მიწის შეძენით არც თუ ცოტა რაოდენობით უცხოელია დაინტერესებული, რადგან მათი თქმით, ჩვენი ქვეყნის მიწა თავისი მახასიათებლების გათვალისწინებით, საკმაოდ იაფად იყიდება.

ახლო და არც თუ ახლო მეზობლებიდან, გვყავს ჩვენ შემოსული მეწარმე პირები, რომლებიც ცდილობენ, იმით ისარგებლონ, რომ საქართველოს მიწა, როგორც მეურნეობის ობიექტი, შედარებით იაფია და მას იყენებენ. მე აქ კიდევ ერთ მომენტს გავუსვამდი ხაზს, მიწას უყურებენ არა როგორც სასოფლო-სამეურნეო, არამედ როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტს, როგორც რეკრეაციულ ზონას. ბოლო წლებში ინვესტიციები მიწაში, როგორც საკუთრების ობიექტში, არანაკლებია, თუ უფრო მეტი არა, ვიდრე მიწაზე, როგორც მეურნეობის ობიექტზე ინვესტიციები,“ – აცხადებს არჩვაძე.  

გასული წლის 26 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ ცვლილებას მოიცავდა. მათ შორის, ერთ-ერთი მიწის გასხვისების საკითხია. ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ მიწა განსაკუთრებული აქტივია და მისი გასხვისების წესს ორგანული კანონი დაარეგულირებს. მანამდე, კონსტიტუციაში მიწაზე ჩანაწერი არ არსებობდა. მიწის გასხვისების საკითხს, მათ შორის უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არეგულირებდა კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს.

იმავდროულად, ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლებები მიწის პრივატიზაციის საკითხს განსხვავებულად უდგებოდნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნდა, ამიტომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ხშირად იაფად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე იყიდებოდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აღიზიანებდა.

რამდენიმე ქვეყანაში უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვაზე დროებითი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, პოლონეთში 12 წლიანი მორატორიუმია გამოცხადებული. ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრიანებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და სლოვაკეთი, აკრძალვის პერიოდი 7 წლით გაგრძელდა.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები