საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება – დაძლიოს პოლარიზაცია.
“ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში – ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას. ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა.
ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ.
გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა, აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.
ჰოლოკოსტის მე-5 მსოფლიო ფორუმი #WHF2020 #UnitedinMemory75
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტიცაა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში.
სალომე ზურაბიშვილმა მიგრაციის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნიდან წასვლისკენ ახალგაზრდებს არა მარტო უმუშევრობა, აგრესიაც უბიძგებს.
„მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება. იგი არ არის გამოწვეული – როგორც ჩვენ გვგონია – მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის სხვა თემებზე წაიკითხეთ: