უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს ძალიან ნორმალურია და ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითაც მოსამართლეების საკითხზე უმრავლესობაში შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.
ბახტაძის თქმით, უმრავლესობაში შემავალ ადამიანებს ბევრი საერთო რამ აერთიანებთ, თუმცა შესაძლოა, მათ შორისაც იყოს განსხვავებული აზრები, რაც ნორმალურია.
„რაც შეეხება სასამართლო სისტემას. ამის შესახებ მე არა ერთხელ განვაცხადე ჩემი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. პარლამენტში მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. სასამართლო რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩართულობას, პლურალიზმს მივესალმები იმიტომ, რომ ეს რეფორმა ამას ნამდვილად მოითხოვს. ამასთან, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები და ესეც ვფიქრობ, არის ძალიან ნორმალური და ლოგიკური.
რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის პოზიციას, რომელსაც მე სრულებით ვიზიარებ და ვუერთდები, გახლავთ ის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები. ეს უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საზოგადოება უნდა საუბრობდეს. ჩვენს უმრავლესობას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაერთიანებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, ფასეულობები და განვითარების ის ვექტორი, რომელიც საქართველომ აირჩია,“ – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ უნდა გაიწეროს კონკრეტული კრიტერიუმები მოსამართლეების შესარჩევად.
„უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს ძალიან ნორმალურია და ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, ეს ნორმალური, თანმდევი პროცესია, რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არსებობს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, რომელზეც ვფიქრობ, მთელი საზოგადოება თანმხდება. ის, რომ აუცილებლად გასაწერია ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურებით როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა და ეს არის ის საკითხი, რომელზეც უნდა ხდებოდეს მსჯელობა,“ – განაცხადა ბახტაძემ.