საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა უწყების მიერ, 2022 წელს 17 ერთეული უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებაა შემოსული, რომელთა საერთო მოცულობა 3 001 0036 ლარია.
სააგენტოს ცნობით, 2022 წელს უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების გამცემ ყველაზე მსხვილ ორგანოს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენდა. მას ოზურგეთისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიები მოსდევს.
“სახელმწიფო დახმარების ფორმას, ძირითადად, ფინანსური დახმარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება და საოპერაციო აქტივების გადაცემა წარმოადგენდა.
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დახმარების გამცემი ორგანო ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, სააგენტოს გაცემული უმნიშვნელო ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ოდენობის, გაცემის ვადისა და მიმღები სუბიექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტო უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარების ყოველწლიურ რეესტრს აწარმოებს.
უმნიშვნელო ოდენობის ინდივიდუალური სახელმწიფო დახმარებას მიეკუთვნება – სახელმწიფო დახმარების გამცემი ორგანოს მიერ საბიუჯეტო სახსრების ან სახელმწიფო რესურსების გადაცემით ან სხვა შეღავათის დაწესებით ეკონომიკური აგენტისთვის შერჩევითი ეკონომიკური უპირატესობის მინიჭება. თუ მისი მოცულობა ერთ ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით, ჯამურად, ზედიზედ 3 ფისკალური წლის განმავლობაში არ აღემატება 400 000 ლარს, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სფეროში 200 000 ლარს”, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.