სარეიტინგო ქულების ახალი სისტემა და სოციალური შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახები. მცხეთაში პირმისაშვილების ოჯახი უკვე მესამე წელია სოციალურად დაუცველის სტატუსის გარეშე ცხოვრობს და 2015 წელს მოხსნილი შემწეობის აღდგენას ითხოვს.
როგორც აღმოჩნდა, პირმისაშვილებს სოციალური დახმარება ოჯახის საკუთრებაში არსებული, თუმცა ავარიული სახლისა და მიწის ნაკვეთების გამო შეუწყვიტეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი მარიამ ხამხაძე ამბობს, რომ შემწეობის მოხსნა და დანიშვნა დამოკიდებულია: შემოსავლებზე, რეესტრში არსებულ ინფორმაციაზე, თუ ვის სახელზეა უძრავი ქონება და მიწის ფართები, ასევე ითვალისწინებენ კომუნალური ხარჯების შესახებ ინფორმაციასაც. სისტემა ქულებს ავტომატურად ითვლის. რამდენად იღებს შემოსავალს ოჯახი მის სახელზე არსებული უძრავი ქონებიდან, ამ საკითხს სააგენტოში არ ითვალისწინებენ.
ამ დროისთვის, საქართველოში სოციალურ შემწეობას 460 ათასი ადამიანი იღებს, ერთ სულზე თანხა კი 30-დან 60 ლარამდეა.