საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში, აფხაზეთში მდებარე არაბიკას მასივი ლაშქრობის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილია. ცნობილ პლატოზე მდებარეობს უამრავი საინტერესო გამოქვაბული, რომელთა სიღრმე ტურისტებს მუდმივად აოცებს.
რისი ნახვა შეგვიძლია 9 დღეში, თუ აფხაზეთში ხეტიალის დრო და საშუალება გვექნება :
პირველი დღე, განთიადი
პატარა აფხაზური სოფელი განთიადი აუცილებლად ძალიან მოგეწონებათ. რამდენიმე საათი, შეგიძლიათ, ზღვის სანაპიროზე გაატაროთ – იბანაოთ, დაისვენოთ და ლაშქრობისთვის მორალურად მოემზადოთ. საღამოსკენ კი უნდა დაიძრათ ჰაშუფსეს კანიონისკენ, სადაც ღამის გასათევად უნდა დაბანაკდეთ.
მეორე დღე, ჰაშუფსეს კანიონი – აჩმარდა – ცანდრიფში
ვემშვიდობებით ჰაშუფსეს და მივემართებით აჩმარდასკენ. გზა თვალწარმტაცია, გაუყვებით ვიწრო ბილიკს და უცებ მიხვდებით, რომ თქვენს გარშემო ველური ბუნებაა, თითქოს აქ არავის გაუვლია. პირველი მთის ბანაკი მდინარე ცანდრიფშთან უნდა მოაწყოთ.
მესამე დღე, არაბიკას პლატო
საუზმის შემდეგ უნდა დაიწყოთ არაბიკას პლატოზე ასვლა, ტყეები უკან მოგრჩებათ და დაიწყება მინდვრები. ველური, თითქმის გაუკვალავი ფერდობი თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. აქ ყოველ წელს შეგიძლიათ ნახოთ დათვების ნაკვალევი. უხილავი ბილიკი უღრან ტყეში უცებ დასრულდება და აღმოჩნდებით პატარა მინდორზე, შემდეგ ისევ ტყე, ისევ მინდორი… მალე კი ტყე საერთოდ გაქრება და თვალწინ გადაიშლება უზარმაზარი პლატო.
უმჯობესია, ბანაკი აქ მდებარე მწყემსების სადგომთან ახლოს მოაწყოთ, საშუალება გექნებათ, სხვადასხვა რძის პროდუქტი დააგემოვნოთ.
მეოთხე დღე, ილიუხინის სახელობის უფსკრული, არაბიკის პლატოს სიმაღლეზე ასვლა – 2656 მ.
პლატოზე ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ სპელეოლოგების ბანაკი, რომელიც არაბიკის მასივზე 2656 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რაც უფრო მაღლა ახვალთ, სულ უფრო მჭიდროდ იქნებით მასიური კლდოვანი ფერდობებით შემოსაზღვრული.
სპელეოლოგები უკვე მრავალი წელია იკვლევენ ილიუხინის სახელობის უფსკრულს. თქვენც სპელეოლოგების ბანაკთან ახლოს უნდა მოიწყოთ დროებითი გასაჩერებელი ბანაკი.
მეხუთე დღე, ტბა ძოუ
შეემზადეთ ძალიან აქტიური დღისთვის. დარწმუნებულები იქნებით, რომ თქვენი ბანაკის მაღლა ასვლა შეუძლებელია, რადგან გარშემო მხოლოდ თვალუწვდენელ კლდეებს დაინახავთ, ამის მიუხედავად, მთავარი გასაოცარი სანახაობა წინ გაქვთ. მიუახლოვდებით თუ არა მიუდგომელ კლდეს, დაინახავთვ ქვის ლაბირინთს, რომელიც მაღლა ასვლის საშუალებას მოგცემთ. ზემოდან კი საოცარი სანახაობა იშლება, ძოუს ტბა ფერწერულ ნახატს ჰგავს.
მეექვსე დღე, კვლავ ძოუ
ამ დღეს, შესაძლებელი იქნება, ჩვეულებრივზე გვიან გაიღვიძოთ, შემდეგ გასამხნევებლად იბანაოთ ტბაში და გაირუჯოთ. წყლის ტემპერატურა აგვისტოში 19 გრადუსამდეა.
შუადღისკენ კი დაშვება უნდა დაიწყოთ ქვემოთ, გზად კვლავ გაუვალი ტყეები და ვიწრო ბილიკებია. საბოლოოდ კი უძველეს ნაძვების ტყესთან დაბანაკდებით.
მეშვიდე დღე, გეგის ჩანჩქერი, პშეგიშხვა, ტბა მცირე რიწა
ამ დღეს არაბიკის დატოვება მოგიწევთ, უნდა დაეშვათ მდინარე გეგის ფერდობზე, შემდეგ კი გეგის ულამაზეს ჩანჩქერს მიადგებით. თუ გამბედაობა გეყოფათ, შეგიძლიათ, ჩანჩქერში იბანაოთ კიდეც. ჩანჩქერის დატოვების შემდეგ გზად კვლავ აღმართია – არაბიკის მოპირდაპირედ მდებარე პშეგიშხვაზე. ოდესღაც აქ ლაშქრობის მოყვარულებისთვის ცნობილი მარშრუტი იყო, უამრავი ტურისტი დადიოდა, ახლა კი გზას იშვიათად იყენებენ.
დღის მეორე ნახევრისთვის აღმოჩნდებით უღელტეხილზე, მასივის შუაგულში. თქვენს თვალწინ კი ტბის ხედი გადაიშლება, მცირე რიწა. მის ველურ ნაპირებზე კი თქვენი კარვები უნდა გაშალოთ.
მერვე დღე, ტბა რიწა, ზღვაზე დაშვება.
საქართველოში ყველაზე ღრმა ტბა არაჩვეულებრივი ფერით იმდენად შთამბეჭდავია, რომ თვალის მოშორება გაგიჭირდებათ. ტბა დაახლოებით 1000 წლისაა. ტბასთან სეირნობის შემდეგ ავტობუსით ზღვისკენ გაემგზავრებით.
დაშვებას თქვენთვის უკვე ნაცნობ განთიადში დაასრულებთ. აქ შეგიძლიათ დარჩეთ სპელეოლოგების სახლში, ან გაშალოთ კარვები.
მეცხრე დღე სევდიანია, რადგან სახლში დაბრუნების დრო დგება. წასვლამდე კი შეგიძლიათ, დიდ ხანს იბანაოთ ზღვაში.
თუ გული სახლისკენ მაინც არ მიგიწევთ, აფხაზეთში უამრავი არანაკლებ ლამაზი ადგილის ნახვა შეგიძლიათ, ახალი ათონი, ბიჭვინთა, გაგრა, სოხუმი…