იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოკიოს აღმოსავლეთ ნაწილში 40 წლის მამაკაცი ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ქარის გამო ავტომობილი ამოტრიალდა. მიყენებული დაზიანებები კი, ფატალური აღმოჩნდა.
„ჰაგიბისი” ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, რომელიც ძლიერ წვიმასა და ქარს გამოიწვევს. არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი.
უსაფრთხოების მიზნით, ეკვაკუირებულია ასობით ათასი ადამაინი, დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა, დაიხურა მაღაზიები და ქარხნები, გადაიდო 1 600-მდე ავიარეისი.
ტაიფუნის გამო, იაპონია 2019-ის ფარგლებში გასამართი ორი შეხვედრა – B ჯგუფის დაპირისპირება ახალ ზელანდიასა და იტალიას შორის და C ჯგუფის მატჩი საფრანგეთსა და ინგლისს შორის, აღარ გაიმართება.
ამასთან, როგორც რაგბის საერთაშორისო მმართველი ორგანოს ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ თამაშებისთვის, რომლებიც აღარ გაიმართება, გუნდები ორ სატურნირო ქულას მიიღებენ, ხოლო შედეგად ფრე – 0:0 დაფიქსირდება.
იაპონიაში საქართველოს საელჩომ ქვეყნააში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.
„იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იაპონიის კუნძულ ჰონშუს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავოთ 12-13 ოქტომბერს გარეთ გასვლისგან და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +81 70 3180 5601“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, წამში 50-დან 70 მეტრამდე ქარის სიჩქარით მოძრავი „ჰაგიბისი“ თავისი მასშტაბით შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.