LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე ბორტზე, სახლში მივფრინავთ!” – პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავი ვარშავიდან აფრინდა, ექსპრეზიდენტს მხარდამჭერები უკრაინაში ელოდებიან

107
1

“უკვე ბორტზე. სახლში მივფრინავთ!” – აღნიშნულ სტატუსს ფოტოსთან ერთად, უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს და, როგორც ჩანს, პირობასაც ასრულებს – უკრაინაში დაბრუნდეს და ქვეყანა დაიცვას.

პოროშენკო ზელენსკის: „ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები”

პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიევის “ჟულიანის” აეროპორტთან იკრიბებიან პოროშენკოს მხარდამჭერებიც, რომლებიც აპირებენ, საპროტესტო აქცია გამართონ და სამართალდამცველებს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების უფლება არ მისცენ.

პოროშენკომ, რომელსაც სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს ვარშავის დატოვების შესახებ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.

მან მხარდაჭერისა და სტუმართმოყვარეობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ სახლი და საკუთარი ხალხი ენატრება და ზუსტად იცის, რომ შეხვედრაც სასიამოვნო იქნება:

“მადლობელი ვარ მათი, ვინც მხარი დამიჭირა, მათი, ვინც მხარი უკრაინას დაუჭირა. ჩვენ პოლონეთში მასპინძლების წარმოუდგენელი სტუმართმოყვარეობა ვიგრძენით. მე მჯერა, რომ ისინი ჩვენი სანდო მეგობრები და პარტნიორები არიან, მაგრამ სახლი გვაკლდა.

ხალხი გვენატრებოდა და ზუსტად ვიცით, რომ შეხვედრა სასიამოვნო იქნება და ვისაც ამ სიხარულის განადგურება სურს, წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ და მივდივართ სახლში” – აცხადებს პოროშენკო.

პოროშენკოს განცხადებით, ის ციხეში არ ჩაჯდება:

“პირველ რიგში – არ ჩავჯდები. მეორე – ციხეში ჩაჯდომის უფლებას თავს არ მივცემ, მე ტიმოშენკო არ ვარ. მესამე – უკრაინის დასაცავად მაქსიმალურად ეფექტიანად ვიმოქმედებ. მტკიცედ მწამს, რომ საკუთარი თავის დაცვით, ვიცავ უკრაინას”, – თქვა ექსპრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.

გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაიწყო. პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი. ასევე გამოძიება მას დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან კავშირს ედავება.

მაშინ პოროშენკოს პარტიაში განაცხადეს, რომ ის დაგეგმილი ვიზიტებით სტამბოლსა და პოლონეთში იმყოფებოდა.

ორი დღის წინ კი თავად პოროშენკომ უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს – ვლადიმირ ზელენსკის მიმართა და განაცხადა, რომ 17 იანვარს, 09:10 საათზე ვარშავადან უკრაინაში დაბრუნდებოდა:

“ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით”, – განაცხადა ვიდეომიმართვის დროს პოროშენკომ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები