ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების გაჩერებების ახლებურ მოწყობასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელებში. დიდი უმრავლესობა უარყოფითად არის განწყობილი და ვითარების გამოსწორების მოლოდინი ნაკლებად აქვთ. გაჩერებების ამოქმედებისა და ტრანსპორტის ამუშევების შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება, მერიის გადაწყვეტილება რამდენად მართებულია.
საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ჟურნალისტმა კახა მჭედლიძემ, რომელიც ხშირად წერს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
კიდევ ერთხელ ჭავჭავაძეზე მოწყობილი გაუგებრობის შესახებ:
“სხვადასხვა გამოცემებში და პოსტებში ცდილობენ ახსნან ის უკუღმართობა, რაც ჭავჭავაძეზე კეთდება და რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ დავწერე. საქმე ისაა, რომ წესით და რიგით ჭავჭავაძეზე და არა მარტო, ტრამვაის ხაზი უნდა გაეყვანათ, რომელიც 2016 წელს უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში. ახლანდელმა მერიამ კი ტრამვაი მოიძულა და მის ნაცვლად ავტობუსების გაშვება გადაწყვიტა, მაგრამ უამრავ პრობლემას წააწყდა და როგორც ჩვენს ბიუროკრატებს ჩვევიათ ყველაფერი უკუღმა გააკეთეს. ავტობუსები იმის გამო, რომ კარებები მარჯვნივ აქვთ “პროწივზე” (ავტომობილების მოძრაობის საწინააღმდეგოდ) გამოყოფილ ზოლზე შევლენ ჭავჭავაძეზე, რათა სავალი ნაწილის შუაგულში აშენებულ მოსაცდელს მოერგონ. კაცი თვალს დახუჭავდა ავტობუსს რომ იგივე გამტარობა და იგივე ხაზი ჰქონდეს, რაც ტრამვაის ექნებოდა. თბილისის ტრამვაის პირველ ხაზსს ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი და ორთაჭალის ავტოსადგური, მთელ ცენტრალურ ნაწილს გაივლიდა, გადასერავდა და უამრავ მგზავრს გადაიყვანდა. “პროტივზე” მოგრიალე ავტობუსები კი ვაკის პარკიდან ან ბაგებიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეწყვეტენ გამოყოფილ ზოლზე მოძრაობას და მელიქიშვილის გაჭედილ ქუჩას მიადგებიან, მელიქიშვილზეც, რომ გამოყოფილი ხაზი მიაწყონ იმის იქეთ საკმაოდ რთულ კვანძს მიადგებიან და ასე ნაწილ ნაწილ დაგრძელებული ხაზი დიდ შედეგს არავის მოუტანს, თან უკუღმა ავტობუსების მოძრაობა დიდი ვერაფერი გადაწყვეტაა, მაშინ როდესაც არავინს დაუთვლია ხეირიანად რამდენით მეტი მგზავრის და რამდენად სწრაფად გადაყვანა მოხდება ჭავჭავაძეზე. მითუმეტეს, რომ ეს მაგისტრალი არცერთ სატრანსპორტო ჰაბს არ უკავშირდება. სწორედ ასეთი დანიშნულება აქვს მსგავს პროექტებს სხვაგან, სადაც ამას აკეთებენ, გარეუბანს აკავშირებს სატრანსპორტო კვანძთან, მაგალთად მეტროს სადგურთან…”
მთავარი გვერდის ფოტო: Irakli Oragvelidze