LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას – საპატრიარქო

162

უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მედიაში პერიოდულად ჩნდება მიკერძოებული ინფორმაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან მიმართებაში საქართველოს ეკლესიის პოზიციასთან დაკავშირებით და ორივე მხარე ცდილობს, ნათქვამი სათავისოდ წარმოაჩინოს.

„მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი საქართველოს საპატრიარქოში უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგაც, – უკრაინულმა არხებმა გაავრცელეს, თითქოს საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც რეალობას არ შეესაბამება.

შეხვედრაზე სტუმარმა განაცხადა, რომ ისინი ესწრაფვიან უკრაინის ერთიანი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას, რომელიც როგორც ხელისუფალთა, ისე მიტროპოლიტ ონოფრეს დაქვემდებარებაში მყოფ და ყველა სხვა იერარქთა მოთხოვნაზე და კანონიკურ საფუძველზე უნდა იყოს დამყარებული.

თუ ეს განხორციელდა, ბუნებრივია, მისასალმებელი მოვლენა იქნება, მაგრამ, როგორც ჩვენის მხრიდან აღინიშნა, ეს ადვილად მისაღწევი ამ ეტაპისთვის არ ჩანს; ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება მოსახლეობაში და არ განვითარდეს კიდევ უფრო რთული პროცესები.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის პოზიციას ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, იგი არის უცვლელი და, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, გულისხმობს შემდეგს: – ვიდრე საეკლესიო კანონიკის ნორმებზე დამყარებულ თავის საბოლოო ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ დააფიქსირებს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო შეფასებებისაგან თავს შეიკავებს,“ -ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები