უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს.
რუსული Telegram არხი „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.
უკრაინული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ რუსები მასობრივად ტოვებენ ბელგოროდს, რის შედეგადაც ქალაქის გარეუბანში კილომეტრიანი საცობები ჩამოყალიბდა.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონსკის რაიონში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.
ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონში, სადაც უკრაინული დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი შევიდა, გაწმენდა გრძელდება. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში დაბრუნებისგან ჯერ თავი შეიკავონ.
„გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად. მივმართავ გრაივორონის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებმაც დროებით დატოვეს თავიანთი სახლები, დაბრუნება ჯერ არ ღირს“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვიმ.
ცნობისთვის, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა“ რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.