“მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებისგან, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და ახორციელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში,”- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„უკრაინამ ყურადღება მიაქცია ინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო სანქციების ნაწილის გაუქმების შესახებ. ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ხელისუფლების სურვილის არქონის ფონზე, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, მკაცრად მიუღებელია. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებისგან, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და ახორციელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში. რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამგვარად მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით. 2008 წლის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო საქართველოს წინააღმდეგ, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომლის გავლა ახლა უკრაინელებს იძულებით უწევთ. ამასთან, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დავიწყებული უნდა ჰქონდეს და ახლა ცდილობენ, გამოიყენონ მომენტი საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.