პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს, რომ უკრაინის ეკლესიის საკითხზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის წერილი საქართველოს საპატრიარქომ, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, გუშინ ოფიციალურად მიიღო.
წერილს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად განიხილავს და წინასწარ რაიმეს თქმა ნაადრევია.
„რუსეთის საპატრიარქო ითხოვს, რომ ასეთი საკითხი განხილული იქნეს მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე. შესაბამისად, მსოფლიო საპატრიარქოსაც ალბათ, მოუწევს განმარტებების გაკეთება, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიანიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ საკითხების შესწავლა მოხდება და იქნება აზრი გამოთქმული საეკლესიო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, რამდენად სწორია ამ შემთხვევაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ან უკრაინის ეკლესიის პოზიცია,“ – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლებს უკრაინის ეკლესიის საკითხზე წერილები გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვი ავრცელებს.
„წერილებში განმარტებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ე.წ. უკრაინული ავტოკეფალიის საკითხზე და იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. წერილებში ასევე გამოთქმულია შექმნილი სიტუაციის ერთობლივი განხილვის დაწყების წინადადება,“ – განაცხადა ნიკოლაი ბალაშოვმა.