უკრაინელმა ჟურნალისტებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, პულიტცერის პრემიის კომიტეტისგან მიიღეს სპეციალური ჯილდო სიმამაცისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის. პულიტცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბომბვების, გატაცებების, ოკუპაციის და კოლეგების დაღუპვის მიუხედავად, უკრაინელი ჟურნალისტები განაგრძობდნენ ძალისხმევას საშინელი რეალობის ზუსტად ასახვისთვის.
საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან, რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 20-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.