დღეს, 24 მარტს, ერთი თვე შესრულდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში აცხადებენ, მსხვერპლი გაცილებით დიდია. უკრაინაში რუსული აგრესიის ერთი თვის თავზე, ქვეყნის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ოკუპანტების აგრესიას 128 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაეროს მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილად იქცა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონამდე ბავშვი. კიდევ რამდენიმე მილიონია უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი.
უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს.
როგორ შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის ომიდან ერთ თვეში? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ისაუბრა.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, “ძალიან რთულია ზუსტად მოხაზვა ახალი მსოფლიოს წესრიგის კონტურებისა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გლობალური პოლიტიკა შეიკუმშა და კვლავ დაბრუნდა ძველ ევროპაში”.
მისივე თქმით, ევროპაში ხდება ძალთა ახალი გადალაგება, რაც გლობალურად, მსოფლიოში ძალთა გადალაგებაზე იმოქმედებს.
“მეორე გარემოება არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განახლებული ძალებით ბრუნდება ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურაში. ვფიქრობ, მიმდინარე საფრთხეებისა და რისკების ფონზე, კონცეპტუალური საუბრები ევროპის ავტონომიურ უსაფრთხოებაზე, სულ მცირე, თაროზე იქნება შემოდებული გარკვეული დროით.
სამწუხაროდ, ძალის დომინანტმა ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციების უკუსვლას, თუ არ ჩავთვლით ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის ნატო.
ნატო-სთან დაკავშირებით შავი იუმორი შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც გორბაჩოვი დგამდა ნაბიჯებს საბჭოთა კავშირის დემილიტარიზაციისკენ, მაშინ მისმა მრჩეველმა იხუმრა, რომ ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ნატო-ს მისამართით შეიძლება გაკეთდესო ნატომ საკუთარი თავი იპოვა შეკავების პოლიტიკის ეფექტიანობის ძებნის თვალსაზრისით, მაგრამ მე პირადად, ჯერჯერობით მაქვს უკმარისობის განცდა, როდესაც საუბარი არის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე.
სად ვიქნებით ჩვენ, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დასრულდება – ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოკიდებულ ვითარებაშია და ამაზე მკაფიო პასუხის გაცემა ძალიან რთულია ფაქტია, რომ იყო, არის და რჩება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებს ქმნიან დიდი სახელმწიფოები, ეს არის პრაქტიკულად, ულმობელი კანონი საერთაშორისო პოლიტიკა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ეს არის ევროპა, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით.
მეორე ცენტრია, ევრაზიაში რუსულ-ჩინური ტანდემი, თუ როგორ გადალაგება გვეცოდინება, მას შემდეგ, რაც უკრაინის ომი დასრულდება, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ასპექტით.
საუბარია იმაზე, რომ ამ სახელმწიფოებს შორის გავლებული უნდა იყოს ახალი გამყოფი ხაზები და მნიშვნელოვანია, რომ ამ გამყოფი ხაზების გავლების შედეგად, უკრაინა და ჩვენ აღმოვჩნდეთ, სწორ მხარეს და ეს არის ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი.
ჯერჯერობით პოლიტიკური გადაწყვეტილების რეცეპტს ვერ ვხედავთ. ვაკვირდებით იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც აწარმოებს რუსეთი და უკრაინა.
როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, მოვისმინეთ შესაძლო დათმობების თაობაზე, რომელიც მისაღებია და რომელიც შესაძლოა, ბოლომდე არ არის მისაღები უკრაინის გამოსახედიდან დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი და ამ ომის შეწყვეტის შემდეგ მიღებული პოლიტიკური ფორმულა პირდაპირ ბმაში იქნება საქართველოს საკითხთან”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.