LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა ითხოვს, გერმანია ფრთხილობს: პუტინი ირწმუნება, რომ ევროპასთან ომს არ დაიწყებს

651
Screenshot 2024-03-30 141238

გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანი ბუკა პეტრიაშვილი კვლავ შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და კვლავინდებურად უკრაინის თხოვნას და მოთხოვნას, რომ ევროპამ მას დაუყოვნებლვ მიაწოდოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რათა თავიდან აიცილონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აქ საგულისხმოა გერმანიის პოზიცია, რომელიც თავს იკავებს ამ ტიპის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, რადგან ეს დიდი რისკის შემცველია.
გარდა ამისა, საინტერესოა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ის არ აპირებს თავდასხმას ევროპულ ქვეყნებზე, მაგრამ ცნობილია, რომ პუტინს და რუსეთს არაერთხელ დაურღვევიათ შეთანხმება.

„პირველ რიგში, მოგილოცავთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მაგარ გუნდს. უკრაინაც გავიდა ფინალურ ეტაპზე. ამას უკრაინელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხედ გავიდნენ. ეს არის ქვეყნა, რომელიც მუდმივად იბომბება. პუტინის რეჟიმი განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო დღეების განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა სხვადასხვა ქალაქების თავზე – ხარკოვი, ლვოვი, კრივოი როგი, ოდესის მიმართულებით იყო სარაკეტო თავდასხმები, კიევი მუდმივად არის იერიშის ქვეშ და უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებისგან ისევ და ისევ ითხოვს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდებას და ამ მიმართულებით სწრაფად დახმარების აღმოჩენას.
გახშირებული სარაკეტო თავდასხმების ფონზე, უკრაინის მოთხოვნით, გაიმართა უკრაინა-ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომა. განიხილეს კონკრეტულად რა დახმარება შეუძლია უმოკლეს დროში აღმოუჩინოს ნატომ უკრაინას.

ალიანსის წევრი ქვეყნების ინიციატივით, შესაძლებელი გახდა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შესყიდვა, რაც გამოასწორებს ფრონტზე მდგომარეობას, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება კვლავაც უაღრესად მწვავე და აქტუალური ხდება. ცხდია, ეს თემა არის მუდმივად ნატოს წევრი ქვეყნების განხილვის საგანი და მათგან ითხოვს საზოგადოება კონკრეტულ პასუხებს. ძალიან საყურადღებოა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ გერმანია კვლავინდებურად არ აპირებს გრძელ მანძილზე მოქმედი ტაურუსის რაკეტების მიწოდებას, რადგან მისი თქმით, ის გლობალური სამხედრო დაპირისპირების მაღალ რისკს შექმნის და როგორც გერმანიის კანცლერი და ევროპის ყველაზე ძლიერი ქვეყნის ლიდერი პასუხისმგებელია თავიდან აიცილოს გლობალური დაპირისპირება. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გერმანია უკრაინას აწვდის ყველაზე მეტს დახმარებას ევროპის ქვეყნებს შორის და მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

ძალიან საინტერესოა ვლადიმირ პუტინის რეაქცია. რუსეთის საჰაერო ძალების პილოტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ არავითარ ომს ნატოსთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან რუსეთი არ აპირებს. რომ არ აპირებს თავდასხმას არც პოლონეთზე, არც ბალტიის ქვეყნებსა და ჩეხეთის რესპუბლიკაზე. თუმცა ამ განცხადებასთან დაკავშირებით ყველას ბუნებრივია უჩნდება შეკითხვა, რომ პუტინისადმი ნდობა ნულთან მიახლოებულია, პუტინი ასევე ამბობდა, რომ არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. ის და მისი რეჟიმის წევრები ყველა დიდი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინ მუდმივად საუბრობდნენ, რომ არავითარ შეტევაზე საუბარი არ იყო და ყველა ვხედავთ რამდენად ერთგულია პუტინი საკუთარი განცხადებების და შეთანხმებების.

ამ კონტექსტში მან ასევე ისაუბრა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის არის უკიდურესად დაძაბული, ალბათ ისტორიის განმავლობაში, ყველაზე ცუდი, დაბალ დონეზე ურთიერთობა. თუმცა პუტინმა კონკრეტული ციფრებიც მოიყვანა, რომ გამორიცხულია და აბსურდია ნატოსთან და აშშ-სთან ომი. მარტივად რომ ავიღოთ, მისივე თქმით, „აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი არის 880 მილიარდი დოლარი და ხოლო რუსეთის 72 მილიარდი დოლარი“. განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ ყველა ფიქრობს, რომ თუკი რუსეთი შეძლებს უკრაინაში რაიმე წარმატების მიღწევას, მაშინ სხვა ქვეყნებზე თავდასხმასაც შეეცდება.

კვლავ აქტუალურია მოლაპარაკებების თემა. უკრაინის პრეზიდენტს ძალიან სურს შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო ფორმატში მონაწილეობა მიიღოს ინდოეთმაც (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნანენდრა მოდი შეხვდა პუტინსაც და ზელენსკინსაც). უნდა აღინიშნოს, რომ ოლაფ შოლცის პოზიცია მაინც პრინციპული და მკაფიოა, რომ მარტივად შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა თუკი რუსეთი გაიყვანს მთელი უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარ ძალებს. თუმცა, მოგეხსენებათ, ეს ასე მარტივად და სწრაფად არ და ვერ მოხდება. მოლაპარაკებების თემა ჰაერში ტრიალებს, მაგრამ კონკრეტული კონტურები ჯერ ისევ არ იკვეთება“.

ფოტო: politico
bbc; reuters

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები