“უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა,” – აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობამ“ და სხვა კრიმინალებმა, ქვეყანაში ადამიანის წამება დააკანონეს“.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება არანაირად არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რადგან მან შექმნა იმდენად ძლიერი გუნდი, გამორჩეული ლიდერებით, რომ კონკრეტული ადამიანების პარტიიდან გასვლა მასში რყევებს ვერ იწვევს.
“გაცილებით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები, რომლებსაც ადამიანების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, რომლებმაც დააკანონეს წამება საქართველოში და გაყიდეს საქართველოს ტერიტორიები, გარეჯი კმარა ამისთვის…
თუმცა რაღაცნაირად გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ეს ხომ არ არის ბიძინა ივანიშვილის თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი – ეს ნამდვილად ასე არ არის, მე შემიძლია ამაში დავარწმუნო ყველა. „ქართული ოცნება“ არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი და ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა, ამ გუნდში რაღაც რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია უკვე იგებს ყველა არჩევნებს და იგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე, იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.